„იბერიის“ პრეზიდენტი – ამ წარმატებამდე რთული გზა გამოვიარეთ, მაგრამ ჩვენი სტიმული იყო, გაგვეხარებინა ქართველი გულშემატკივარი #1TVSPORT

11:38, 12.08.2026

„თამაშამდე შინაგანი რწმენა მქონდა, რომ „ლარნთან“ მოვიგებდით“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან თბილისის „იბერიის“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა.

„ახლა ისეთი ემოციები მაქვს, რომლის გადმოცემაც შეუძლებელია. 22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული გუნდი ევროტურნირის ძირითად ეტაპზე გავიდა და ამას ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ვულოცავ – ეს მხოლოდ „იბერიის“ წარმატება არაა და სხვა კლუბებზეც დადებითად აისახება.

ეს წარმატება კლუბის თითოეული წევრის დამსახურებაა – უპირველესად იმ ადამიანების, რომლებმაც ეს გუნდი დააფუძნეს და მის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა დროს თითო აგური მაინც დადეს. ამ გამარჯვებამდე რთული გზა გამოვიარეთ. იყო მტკივნეული წაგებები, რომლის გამოც გულშემატკივრებთან ვალში ვიყავით. ეს სულ გვახსოვდა და გვაწუხებდა, მაგრამ ეს იყო ყველაზე დიდი სტიმული, რომ ქართველი ქომაგი გაგვეხარებინა, უბედნიერესი ვარ, რომ ეს შევძელით.

11 აგვისტო შინდისის გმირების ხსენების დღეა, 12 აგვისტო კი დიდგორობაა და თამაშამდე მქონდა შინაგანი რწმენა, რომ „ლარნთან“ მოვიგებდით. ვულოცავ საქართველოს და მჯერა, მალე ამ გზაზე ბევრი ქართული კლუბი დადგება“.

თბილისის „იბერიამ“  ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნთან“ გასვლაზე 0:0 ითამაშა, შინ კი დამატებით დროში 2:1 მოიგო, მინიმუმ, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაში გაინაღდა და, ამავე დროს, გუნდი ევროპალიგაში მოსახვედრადაც განაგრძობს ბრძოლას.

მსგავსი