„იბერიის“ წაუგებელი სერია გრძელდება - საქართველოს ჩემპიონმა ამჯერად „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-14 ტური დაიწყო – გათამაშების ლიდერმა, თბილისის „იბერიამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.
„სამგურალმა“ახალი მთავარი მწვრთნელის, ტიაგო გომესის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა ჩაატარა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მთავარი მოვლენები კი შესვენების შემდეგ განვითარდა.
სტუმართა კარში დანიშნული პენალტით იური ტაბატაძემ „იბერია“ 54-ე წუთზე დააწინაურა. თუმცა, „სამგურალმა“ შეუტია და 62-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილის ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
68-ე წუთზე სტუმართა კარში მეორე პენალტი დაინიშნა და ფიფა-ს ნოვაციაც ვიხილეთ – ვიდეორეფერის გადაწყვეტილება შეხვედრის არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა არა მხოლოდ მოთამაშეებს, არამედ გულშემატკივრებსაც გამოუცხადა. ტაბატაძემ კი მეორე პენალტი ვერ გაიტანა.
84-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა დავით სხირტლაძემ გიზო მამაგეიშვილის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ საჯარიმოში მცველს დაასწრო და ეფექტური თავურით „იბერიას“ გამარჯვება მოუტანა.
მოქმედი ჩემპიონის წაუგებელი სერია გრძელდება – „იბერია“ 14 ტურის შემდეგ 36 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო წყალტუბოს „სამგურალი“ (14) მე-7 პოზიციაზე დარჩა.