„იბერიამ“ „ტორპედო“ დაამარცხა და საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
თბილისის „იბერიამ“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალში ქუთაისის „ტორპედო“ 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში ტყიბულის „მეშახტეს“ შეხვდება.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში 24-ე წუთზე ეფექტური დარტყმით თბილისელთა კაპიტანმა გიზო მამაგეიშვილმა გახსნა. შესვენებამდე ქუთაისელებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც 44-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილმა ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
„იბერია“ მეორე ტაიმში უპირატესობას ფლობდა, რაც შედეგზეც ასახა – თორნიკე ახვლედიანის წაქცევისთვის „ტორპედოს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც იური ტაბატაძემ გოლად გარდასახა და გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით „იბერიამ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მერვედფინალის ბოლო შეხვედრა თბილისის „სპაერსა“ და ფოთის „კოლხეთს“ შორის 20 აგვისტოს თბილისში, „სპაერის“ სტადიონზე გაიმართება.