„იბერიამ“ სურინამის ნაკრების მოთამაშე წარადგინა - საქართველოს ჩემპიონმა ქობულაძე და სილაგაძეც დაიმატა #1TVSPORT
„იბერიამ“ სურინამის ნაკრების მოთამაშე წარადგინა - საქართველოს ჩემპიონმა ქობულაძე და სილაგაძეც დაიმატა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნიდერლანდებში აღზრდილი სურინამელი ფეხბურთელი დორასო მორეო კლასი გუნდს შეუერთდა. მოთამაშე კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ხეჩიკაშვილმა წარადგინა.

ამსტერდამში დაბადებული კლასი „დენ ბოსხის“ აკადემიის აღზრდილია. „იბერიის“ ახალწვეული 23 წლისაა. მისი ტრანსფერი 257 ათას ევროდ ფასდება. მას ნიდერლანდების ჩემპიონატში 5 სეზონი აქვს ნათამაშები – „დენ ბოსხსა“ და „დენ ჰააგში“.

უკანასკნელი სეზონის პირველი წრე დორასო მორეო კლასმა ბელგიის ჩელენჯერ პრო ლიგის (რანგით მეორე ლიგა) „დაინცეში“ გაატარა. თუმცა კლუბი გაკოტრდა, დაიშალა და სურინამელი მოთამაშე საქართველოს ჩემპიონს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

დორასო მორეო კლასის მშობლები სურინამელები არიან. 2023 წლის ივნისში სურინამის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მისი დებიუტი შედგა, რის შემდეგაც მან ნაკრების მაისურით 4 შეხვედრა ჩაატარა.

დორასო კლასის გარდა, „იბერიამ“ ლატვიური „რიგას ფს“-დან ლუკა სილაგაძე დაიბრუნა, ხოლო „კაისარიდან“ მარცხენა მცველი გიორგი ქობულაძე დაიმატა, რომელიც ყაზახურ კლუბამდე ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა.