„იბერიამ“ ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა #1TVSPORT

22:19, 05.04.2025

თბილისის „იბერიამ“ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და მნიშვნელოვანი სამი ქულა დამაჯერებელი თამაშით მოიპოვა – 4:0.

პირველ ტაიმში კახა ჩხეტიანის გუნდმა მასპინძლებს არაერთი პრობლემა შეუქმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. „იბერიამ“ კი ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა – ივა გელაშვილის შორეული გადაცემის შემდეგ გიზი მამაგეიშვილი მცველებს გასცდა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

მამაგეიშვილი მონაწილეობდა თბილისელთა მიერ გატანილ მეორე გოლშიც – „იბერიის“ კაპიტანი ფოთელებმა საჯარიმოში წააქციეს – „კოლხეთის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც იური ტაბატაძემ შეასრულა და თბილისელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 69-ე წუთზე მისი გადაცემით თავი ივა გელაშვილმა გამოიჩინა, ხოლო დორასო კლასმა უძლიერესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„იბერიამ“ კონკურენტების, ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილის“ ფრით (1:1) ისარგებლა და 6 ტურის შემდეგ 14 ქულით ეროვნულ ლიგაში ერთპიროვნულად ლიდერობს, „კოლხეთი“ (4) კი ბოლო, მე-10 პოზიციაზეა.

მსგავსი