„იბერიამ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა - მამაცაშვილმა გოლი კუთხურიდან გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

„იბერიამ“ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და კაცნაკლული მეტოქე ეფექტური გოლით 1:0 დაამარცხა.

„პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „დინამო“ 34-ე წუთზე უმცირესობაში დარჩა. „იბერიის“ სწრაფი კონტრშეტევისას შეიკნე სილამ მცველს გაასწრო და მეკარესთან პირისპირ რჩებოდა. „დინამოს“ მეკარე გიორგი ლორია კარიდან გამოვიდა და წესები დაარღვია. მსაჯმა ლორიას მოქმედება „ბოლო იმედის“ ჯარიმად ჩათვალა და წითელი ბარათი უჩვენა.

„იბერიამ“ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და შეუტია. 45+2-ე წუთზე კი საბა მამაცაშვილმა გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა.

მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. „იბერიამ“ სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა და 10 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „დინამო თბილისი“ ექვსი ქულით ეროვნულ ლიგაში მეოთხე ადგილს იკავებს.