„იბერიამ“ ბართიშვილის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა - „დინამო“ გორში ქულას დასჯერდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-14 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა, „იბერიამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0. ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე ეფექტური დარტყმით 17 წლის ანდრია ბართიშვილმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს სეზონში და ახალ გუნდში პირველი გოლი იყო.
„დინამო თბილისი“ გორში „დილას“ ესტუმრა და წაუგებელი სერია გააგრძელა, მაგრამ ამჯერად ფრეს დასჯერდა – 0:0. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მეტოქეებმა სახიფათო მომენტები შექმნეს, მაგრამ ბურთის გატანა ვერ მოახერხეს.
14 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 27 ქულით „იბერია“ ლიდერობს, შემდეგ მოდიან ქუთაისის „ტორპედო“ (23), „დინამო თბილისი“ (22), „რუსთავი“ (20) და გორის „დილა“ (20).