„იბერია“ შეკრებაზე „ვარდარს“ დაუზავდა #1TVSPORT
„იბერია“ შეკრებაზე „ვარდარს“ დაუზავდა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ თურქულ შეკრებაზე ჩრდილოეთ მაკედონიის „ვარდარს“ შეხვდა. მატჩი 0:0 დასრულდა.

სკოპიეს „ვარდარი“ ჩრდილოეთ მაკედონიის ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბია – მან 11-ჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, 5-ჯერ ქვეყნის თასი, ხოლო 2-ჯერ სუპერთასი. 2017 წელს „ვარდარი“ პირველი ჩრდილო მაკედონიური გუნდი გახდა, რომელმაც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია.

ამჟამად კლუბი სერიოზულ პრობლემებს განიცდის – 12-გუნდიან ეროვნულ ჩემპიონატში მე-11 ადგილზე იმყოფება და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. მიუხედავად ამისა, „ვარდარმა“ ანტალიაში გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ჩემპიონს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბლაგოია მილევსკი ესწრებოდა. „იბერიამ“ შეხვედრა შერეული შემადგენლობით ჩაატარა, ხოლო პირველი თერთმეტეული მოედანზე ასე გამოიყურებოდა:

მეგრელიშვილი – ქობულაძე, დერეკი, ჯგერენაია, ჯინჯოლავა – დორასო, ოთო მამაგეიშვილი – ტაბატაძე, გეგუჩაძე, ხაჩიძე – ახვლედიანი.

თბილისის „იბერია“ თურქულ შეკრებაზე შემდეგ შეხვედრას 29 იანვარს ბულგარულ „კრუმოვგრადთან“ გამართავს.