იაპონურმა კომპანიამ, „შიონოგიმ“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის ადამიანებში გამოცდა დაიწყო
იაპონურმა კომპანიამ, „შიონოგიმ“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის ადამიანებში გამოცდა დაიწყო

იაპონურმა კომპანიამ, „შიონოგიმ“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო, სამკურნალო მედიკამენტის ადამიანებში გამოცდა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

საუბარი ეხება აბებს, რომლის მიღება დღეში ერთხელ იქნება საჭირო და ვირუსს პირველი მიღებიდან ხუთ დღეში გაანეიტრალებს.

ადამიანებში მედიკამენტის გამოცდა მიმდინარე თვეში დაიწყო და სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კვლევაში პირველ ეტაპზე 100-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. კვლევაში ჩართულთა რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

იაპონური კომპანია „შიონოგის“ ხელმძღვანელი ისაო ტასიროგი აცხადებს, რომ წარმატების შემთხვევაში, კომპანია მედიკამენტის მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად ნებისმიერ საერთაშორისო კორპორაციასთან თანამშრომლობისთვის მზად იქნება.

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატებზე უკვე მუშაობენ კომპანია „ფაიზერი“ და კომპანია „მერკი“.