იაპონური პრესა საქართველოს ნაკრებზე - გუნდი, რომელმაც ევროპაში თავისი ძალა უკვე აჩვენა #1TVSPORT
იაპონური პრესა საქართველოს ნაკრებზე - გუნდი, რომელმაც ევროპაში თავისი ძალა უკვე აჩვენა #1TVSPORT

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი დღეს, 25 აგვისტოს იწყება. საქართველოს ნაკრები კი პირველ მატჩს 26-ში კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.

ჩვენი ჯგუფის მატჩები იაპონიის კუნძულ ოკინავაზე იმართება. ქალაქ ნაჰას აეროპორტში ნამდვილად იგრძნობა, რომ ქვეყანა ასეთ დიდ საკალათბურთო ფორუმს მასპინძლობს – პატარა ფლაერები თუ დიდი ბანერები ხალხს „ოკინავა არენაზე“ ეპატიჟება.

აეროპორტში შეხვდებით სლოვენიელი დონჩიჩის, კაბოვერდელი ტავარეშის დიდ პლაკატებს… თუმცა, ფლაერებისა და ჟურნალების გარდა, არსად ჩანს არც შენგელია, არც შერმადინი და არც ხუთჯვრიანი დროშა.

ჟურნალ ONE-ში ჩემპიონატის თანამასპინძელმა იაპონელებმა სპეციალური ჩანართი მიუძღვნეს მსოფლიოს საკალათბურთო პირველობას, სადაც ორი გვერდი ჩვენი ჯგუფის გუნდებს ეთმობა.

საქართველოს ნაკრებზე მოკლედ, მაგრამ საინტერესოდ წერია:

„ეს არის „შავი ცხენი“ (გუნდი, რომლისგანაც ბევრს არ ელიან, მაგრამ მოლოდინების საწინააღმდეგოდ მაღალ შედეგს უჩვენებს – ავტ), რომელმაც ევროპაში თავისი ძალა უკვე აჩვენა.

ქართველებმა მეორედ ითამაშეს მუნდიალის შესარჩევი და პირველად მოხვდნენ ფინალურ ეტაპზე.

გუნდის მთავარი ფიგურები არიან თად მაკფადენი, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. შესარჩევ ეტაპზე მათ გუნდის ქულების 59.9 პროცენტი ჩააგდეს.

საქართველოს ნაკრები ევროპულ სცენაზე მაღალი დონის გუნდად ითვლება, ვნახოთ, გახდება თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე „შავი ცხენი“.

 

იაპონელებმა ყველა გუნდში გამოყვეს საკვანძო კალათბურთელები. ჩვენს ნაკრებში ასეთია გიორგი შერმადინი. აი, რას წერენ 216 სმ სიმაღლის ქართველზე:

„გიორგი შერმადინი, დიდი ხანია, ევროპულ კალათბურთში მაღალ დონეზე თამაშობს. ქართველებმა შესარჩევი ეტაპის ბარიერი რომ გადალახეს, მისი დიდი დამსახურება იყო.

შერმადინზე მსოფლიო ჩემპიონატზეც ბევრი იქნება დამოკიდებული“.