იაპონიის ნაკრების მწვრთნელი ჰაჯიმე მორიასუ - გერმანიასთან ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ #1TVSPORT
იაპონიის ნაკრების მწვრთნელი ჰაჯიმე მორიასუ - გერმანიასთან ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ #1TVSPORT

იაპონიის ნაკრების მწვრთნელმა, ჰაჯიმე მორიასუმ კატარის მსოფლიო ჩემპიონატის სტარტზე გერმანიასთან გამარჯვება (2:1) ისტორიულ გამარჯვებად მონათლა, მაგრამ განაცხადა, რომ გერმანელებისგან მომავალშიც ბევრი უნდა ისწავლონ.

ამ გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშეს იმ იაპონელმა ფეხბურთელებმა, რომლებიც გერმანულ საფეხბურთო კლუბებში თამაშობენ — გოლები „ფრაიბურგის“ შემტევის, დოან რიცუს და „ბოხუმის“ თავდამსხმელის, ტაკუმა ასანოს ანგარიშზეა. არგენტინასთან საუდის არაბეთის გამარჯვების შემდეგ, ეს კიდევ ერთი დიდი შოკი იყო.

„ვუყურეთ საუდის არაბეთის თამაშს და ვიფიქრეთ, რომ შეგვეძლო ამის გაკეთება, დღეს კი ეს ჩვენ გავაკეთეთ. ეს ახდენილი ოცნებაა“, – განაცხადა გამარჯვებულთა ბომბარდირმა ტაკუმა ასანომ.

იაპონიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ჰაჯიმე მორიასუმ ფეხბურთელები ბრძოლისუნარიანობის გამო შეაქო, ხოლო გერმანელებს ფეხბურთელების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

„შესაძლებლობებს აზიურ ფეხბურთში ვაჩვენებთ. ახლა კი გამოჩნდა, რომ მსოფლიო სტანდარტს ვუახლოვდებით. მათ შესანიშნავი მეკარე ჰყავთ, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალიან ჭკვიანურად ითამაშეს. როდესაც გოლი გავუშვით, ბრძოლა გავაგრძელეთ და მომენტები გამოვიყენეთ.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ იაპონელი ფეხბურთელები ვითარდებიან და თავიანთ ნამდვილ შესაძლებლობებს ავლენენ. ვფიქრობ, ეს არის ისტორიული მომენტი და გამარჯვება. თუ ვსაუბრობთ იაპონური ფეხბურთის განვითარებაზე, მაშინ ჩვენ ვვითარდებით, ფეხბურთელებს კი საზღვარგარეთ იწვევენ.

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპულმა ლიგებმა ხელი შეუწყვეს ჩვენი იაპონელი ფეხბურთელების შესაძლებლობების განვითარებას, ამიტომ ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ და პატივს ვცემთ მათ, სადაც ჩვენი მოთამაშეები ამას ახერხებენ, და მათ შორის გერმანელებს. მაგრამ, მოწინააღმდეგის მიუხედავად, ჩვენ ყველასთან გამარჯვებისთვის ვიბრძვით.

ბევრმა გერმანელმა ბრწყინვალე ფეხბურთელმა და მწვრთნელმა შეიტანა წვლილი იაპონური ფეხბურთის განვითარებაში. დღეს იაპონიამ მოიგო. თუმცა იაპონიას სურს, განაგრძოს სწავლა გერმანიისგან და მსოფლიოსგან, რათა უფრო მაღალ დონეზე ვითამაშოთ. ეს არის ჩვენი სამომავლო იდეა“, – აცხადებს ჰაჯიმე მორიასუ.