იაპონიის იმპერატორმა ნარუჰიტომ ტახტზე ასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა
იაპონიის იმპერატორმა ნარუჰიტომ ტახტზე ასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა

იაპონიის იმპერატორმა, ნარუჰიტომ ცერემონიის შემდეგ ტახტზე ასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. 59 წლის ნარუჰიტომ მოვალეობების შესრულება მიმდინარე წლის მაისში მამის, ყოფილი იმპერატორის, აკიჰიტოს გადადგომის შემდეგ დაიწყო, თუმცა ოფიციალური ტიტული რამდენიმე ტრადიციული რიტუალის შემდეგ მიიღო.

მისალოცი მიმართვის ტექსტი იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ წაიკითხა და გამოსვლა დაასრულა ფრაზით, „ბანზაი“, რაც ნიშნავს „გაუმარჯოს იმპერატორს“.

ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ესპანეთის მეფე, ფილიპე და ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი. იმპერატორი უცხოელ სამეფო ოჯახებს ჩაიზე უმასპინძლებს, პრემიერ-მინისტრი კი ბანკეტს უხელმძღვანელებს. იაპონიის იმპერატორის როლი ძირითადად ცერემონიულია და ფოკუსირებულია მოქალაქეებთან ჩართულობაზე და საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.