იანვრის ბაშო 2021 - ხუთთვიანი შესვენების შემდეგ ორი იოკოძუნა დაბრუნდება
იანვრის ბაშო 2021 - ხუთთვიანი შესვენების შემდეგ ორი იოკოძუნა დაბრუნდება

ზუსტად ერთი კვირა რჩება 2021 წლის პირველი ბაშოს დაწყებამდე.​ ჰაცუ ბაშოს ყველაზე დიდი მოლოდინი მონღოლი იოკოძუნების, ჰაკუჰოსა და კაკურიუს დაბრუნებაა, რომლებიც ივლისის მერე აღარ გასულან დოჰიოზე.

დამდეგ ბაშოზე ცუნატორის, ანუ იოკოძუნობის კანდიდატის სტატუსით წარსდგება მოქმედი ჩემპიონი, ოძეკი ტაკაკეიშო, რომელიც თუ ამ ბაშოზე კიდევ ერთხელ გახდება ჩემპიონი, სუმოს იერარქიის უმაღლეს წოდებას სამუდამოდ დაისაკუთრებს.

შესაძლოა, ტაკაკეიშოსთვის იოკოძუნობის მისანიჭებლად ვიცე-ჩემპიონობაც (ჯუნ-იუშო) საკმარისი აღმოჩნდეს. თუმცა ამისთვის ალბათ 14 ორთაბრძოლის მოგება მაინც დასჭირდება.

დანარჩენ ორ ოძეკის, შოდაისა და ასანოიამას წოდების შესანარჩუნებლად კაჩიკოშის დაფიქსირება (მინიმუმ 8 გამარჯვება) მოუწევთ.

ბაშოს შესაძლოა დააკლდეს დასავლეთის მე-2 მაეგაშირა, იაპონელი ვაკატაკაკაგე, რომელსაც 31 დეკემბერს კორონავირუსი დაუდგინდა. მოგვიანებით ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა მისი კლუბის, არაშიო ბეიას მთავარ ოიაკატა, ექს-სოკოკურაის და კლუბში რიცხულ აათივე რიკიშის.

იანვრის ბაშოზე მაკუუჩი დივიზიონს ერთადერთი დებიუტანტი ეყოლება, 24 წლის იაპონელი მიდორიფუჯის სახით.