იანიკ სინერის დოპინგ-საქმეს აპრილში განიხილავენ #1TVSPORT
იანიკ სინერის დოპინგ-საქმეს აპრილში განიხილავენ #1TVSPORT

მსოფლიოს პირველი ჩოგანის იანიკ სინერის დოპინგ-საქმის განხილვა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) 16-17 აპრილს გაიმართება.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) აპელაცია შეიტანა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში მას შემდეგ, რაც ჩოგბურთში პატიოსანი თამაშის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტომ (ITIA) გაამართლა სინერი, რომელმაც გასული წლის მარტში ორჯერ ჩააბარა დადებითი ტესტი აკრძალულ პრეპარატ კლოსტებოლზე.

საქმის მოსმენა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს ოფისში დახურულ რეჟიმში გაიმართება.

იტალიელი ჩოგბურთელი, რომელიც „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონია, ამტკიცებდა, რომ პრეპარატი მის ორგანიზმში იმ დროს მოხვდა, როცა მისი ფიზიოთერაპევტი მალამოთი უმუშავებდა ჭრილობას. სწორედ ეს მალამო შეიცავდა კლოსტებოლს.