იანიკ სინერი „დიდი სლემის“ ტურნირების სამგზის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
იტალიელმა იანიკ სინერმა ზედიზედ მეორედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და შეინარჩუნა შარშან მოპოვებული ტიტული. მან ფინალში ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი – 6:3, 7:6(4), 6:3. იტალიელის დომინირებაზე კარგად მეტყველებს ის, რომ ზვერევს არცერთი ბრეიკპოინტი არ მოუპოვებია, სინერმა კი 10 ასეთი შანსი მიიღო და ორი გამოიყენა.
სინერმა „დიდი სლემის“ მესამე ტურნირი მოიგო კარიერაში – შარშანდელი ავსტრალიის ღიისა და აშშ-ის ღიის შემდეგ. „დიდ სლემზე“ ტიტულების რაოდენობით ის დაეწია ენდი მარეის, სტენ ვავრინკას, გუსტავო კუერტენს, არტურ ეშსა და იან კოდეშს.
გარდა ამისა, სინერი მერვე მოთამაშეა ღია ერის შემდეგ, რომელმაც თავისი პირველი სამი ფინალი მოიგო. მანამდე ეს შეძლეს ჯიმი კონორსმა, ბიორნ ბორგმა, სტეფან ედბერგმა, გუსტავო კუერტენმა, როჯერ ფედერერმა, სტენ ვავრინკამ და კარლოს ალკარასმა.
სინერმა ზედიზედ 10 მატჩი მოუგო რეიტინგის TOP 10-ის ჩოგბურთელებს ისე, რომ სეტი არ დაუთმია.
მელბურნში გამარჯვებისთვის იტალიელმა 2.2 მილიონი ევრო გამოიმუშავა.