იან რაითი - სოლსკიაერმა საკუთარი თავი ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე მაღლა დააყენა
ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილი თავდამსხმელი იან რაითი მიიჩნევს, რომ მარკუს რეშფორდის დაშავებაში ყველაზე დიდი ბრალი ოლე გუნარ სოლსკიაერს მიუძღვის.
„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ვულვზს“ შორის გასულ ოთხშაბათს გამართულ ასოციაციის თასის მატჩში რეშფორდი მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა, თუმცა 15 წუთში ზურგის ტრავმა გაუმიზეზდა და ისევ შესაცვლელი გახდა. როგორც „იუნაიტედის“ ექიმები აცხადებენ, ფეხბურთელს სამი თვის გამოტოვება მოუწევს.
„ოლე გუნარ სოლსკიაერმა თქვა, რომ იცოდა მარკუს რეშფორდის მცირე ტრავმის შესახებ, მაგრამ მაინც ათამაშა ის. ახლა ფეხბურთელს სამი თვის გამოტოვება მოუწევს“, – ამბობს რაითი. – „სოლსკიაერი ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რადგან მას სთხოვენ, რომ გუნდი საკადრის პოზიციაზე დააბრუნოს, ამიტომ მან საკუთარ თავზე უფრო იფიქრა, ვიდრე ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე“.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ამჟამად 34 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონაში მოსახვედრად „ჩელსისთან“ ხუთქულიანი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას.