იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ოქროს მედალს მიიღებს
იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ოქროს მედალს მიიღებს

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იაკობ ქაჯაია, რომელმაც წლეულს მინსკში გამართულ მეორე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მიიღო, ამ თამაშების გამარჯვებულად გამოცხადდა და ახლო მომავალში ოქროს ჯილდო გადაეცემა.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ოფიციალურად შეატყობინა  ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურმა მდივანმა რაფაელე პანიოციმ.

EOC-დან მიღებული წერილის თანახმად, მძიმე წონის მოჭიდავეთა ფინალურ შეხვედრაში გამარჯვებულად გამოცხადებული ბელარუსი სპორტსმენი კირილ გრიშჩანკა მხილებულია აკრძალული  პრეპარატის გამოყენებაში და ჩამოერთვა ევროპული თამაშების ჩემპიონის წოდება. შესაბამისად, თამაშების ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი მიეკუთვნა იაკობ ქაჯაიას.

ამ ახალი გარემოების თანახმად,  შეიცვალა თამაშებში მონაწილე ქვეყნების საბოლოო სატურნირო ცხრილი. საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ოქროს 7, ვერცხლის 9 და ბრინჯაოს 14 მედლით ერთი საფეხურით წინ წაიწია და მეექვსე ადგილი დაიკავა (აქამდე მეექვსე პოზიციაზე იყო გერმანიის ნაკრები, რომელმაც მინსკში სულ 26 მედალი აიღო – 7 ოქრო, 6 ვერცხლი და 13 ბრინჯაო).

წყარო –  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

დატოვე კომენტარი