იაია ტურემ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და სამწვრთნელო მოღვაწეობას იწყებს
იაია ტურემ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და სამწვრთნელო მოღვაწეობას იწყებს

მანჩესტერ სიტის, ბარსელონასა და კოტ დივუარის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი იაია ტურე ფეხბურთელის კარიერას ასრულებს და სამწვრთნელო მოღვაწეობაზე გადადის, აცხადებს მოთამაშის აგენტი. 35 წლის ფეხბურთელი მას შემდეგ არ გასულა მოედანზე, რაც 2018 წლის დეკემბერში ბერძნულმა ოლიმპიაკოსმა კონტრაქტი გაუწყვიტა.

მანჩესტერ სიტისთან ერთად, 2010-18 წლებში, ტურემ სამჯერ მოიგო პრემიერლიგა, ორჯერ – ლიგის თასი და ერთხელ – ასოციაციის თასი.

„იაიამ გადაწყვიტა, ჩემპიონის რანგში დაასრულოს საფეხბურთო კარიერა“, – აცხადებს ფეხბურთელის აგენტი დმიტრი სელიუკი. – „მანჩესტერ სიტიში გამართული მისი გამოსამშვიდობებელი მატჩი, პრინციპში, მისი კარიერის დასასრული იყო“.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ აპრილში, ტურე კარიერის დასრულებას არ გეგმავდა და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თამაშის გაგრძელებას ახლო აღმოსავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან აზიაში აპირებდა.