იაია ტურე – „იბერიას“ პირველი მატჩი მოვუგეთ, მაგრამ ორბურთიანი უპირატესობა არაფერს ნიშნავს #1TVSPORT
თბილისის „იბერიასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩამდე ბრატისლავის „სლოვანის“ მწვრთნელმა, იაია ტურემ პრესკონფერენცია გამართა და დაადასტურა, რომ ტიგრან ბარსეგიანი, ნინო მარცელი და კაპიტანი ანდრაჟ შპორარი გუნდს ვერ დაეხმარებიან.
„შპორარი თბილისის მატჩისას დაშავდა და ვარჯიშს 2-3 კვირაში დაუბრუნდება, მარცელი კი – 3-4 კვირაში, ვერც ბარსეგიანი ითამაშებს. „სლოვანმა“ პირველი მატჩი 2:0 მოიგო, მაგრამ დიდი ხანია, ფეხბურთში ვარ, ამიტომ ვიცი, რომ ორბურთიანი უპირატესობაც კი არაფერს ნიშნავს.
კარგად უნდა ვითამაშოთ და პატივი ვცეთ მოწინააღმდეგეს, რადგან ისინი თბილისში კარგად გამოიყურებოდნენ და ბრატისლავაშიც თავიანთი შანსისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ შინ ვთამაშობთ და მინდა, რომ ფეხბურთელებმა ტრიბუნების შესანიშნავი ატმოსფერო თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. პირველ თამაშში ჩვენი პრესინგი არათანმიმდევრული იყო და ბურთს ხშირად ვკარგავდით, დარწმუნებული ვარ, საპასუხო მატჩში უკეთ ვითამაშებთ“.
თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას „სლოვანის“ წინააღმდეგ 29 ივლისს გამართავს – მატჩი ბრატისლავის „ტეჰელნე პოლეზე“ თბილისის დროით 22:15 საათზე დაიწყება.