იაგო ხვიჩიას აქვს მოლოდინი, რომ პარლამენტში ყველა არჩეული წევრი შევა, მათ შორის ნიკა მელია
იაგო ხვიჩიას აქვს მოლოდინი, რომ პარლამენტში ყველა არჩეული წევრი შევა, მათ შორის ნიკა მელია

დიახ, მე მაქვს მოლოდინი, რომ პარლამენტში ყველა არჩეული წევრი შემოვა, – ასე უპასუხა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ნიკა მელია, გათავისუფლების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში შევა.

„მერობის კანდიდატი თუ არ ხარ და ხელი თუ არ გეშლება, ვფიქრობ, სხვა შემთხვევაში, სხვანაირად ქცევა უკვე უცნაურად გამოიყურება. იქ შესულია ნახევარზე მეტი ოპოზიცია და ვიღაც რატომ არ შედის, რა შუაშია საერთოდ?“ – განაცხადა ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი, რომ კენჭისყრაზე ამნისტიის ერთი, შეჯერებული კანონპროექტი გავიდეს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის სრულყოფილად აღსრულებისთვის პარლამენტში ერთი კანონპროექტი უნდა გავიდეს და მას მრავალპარტიული თანხმობა უნდა ჰქონდეს.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ამბავი, რომელიც ოპოზიციის შიგნით არის ატეხილი, იმის გამოა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელიც ამბობს, რომ მის გარეშე არაფერი გამოვა და გამაერთიანებელი უნდა იყოს, სხვებს ლანძღავს, საკუთარი მედიასაშუალებების მეშვეობით ხალხს თავს ესხმის და ჩირქს სცხებს. 

„თუ ეს არ შევცვალეთ, მართალა რისი იმედი გვაქვს, ვინმე როგორ უნდა დაამარცხო იმ პარლამენტში, არ მესმის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შენარჩუნდება თუ არა ოპოზიციური ერთობა ადგილობრივი არჩევნების წინ, ხვიჩიამ განაცხადა, რომ არსებული ფორმით, ოპოზიციური ერთობის შენარჩუნება შეცდომაა, რაც საერთო ოპოზიციურ საქმეს ვნებს და უფრო მეტად, ხელისუფლებას აძლიერებს.

„თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა იმის გამო, რომ უბრალოდ, ვიღაც გალანძღო, თან, შენც რომ შეხვალ ორ კვირაში იქ, არ ვიცი, რა სპორტია, მაგრამ არ შეიძლება, ეს სწორი იყოს. ჩემი აზრით, ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ და ერთმანეთს პატივისცემით უნდა დაველაპარაკოთ. შეიძლება, ერთმანეთზე არ ვგიჟდებოდეთ, მაგრამ საჯარო სივრცეში პოლიტიკური კულტურა უნდა შეიცვალოს. ის, რასაც ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია თვალს ვადევნებ, არასერიოზულია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეკითხვაზე, რა გარემოებამ გაუჩინა იმის განცდა, რომ შესაძლებელი იყო, დღეს პრეზიდენტს ადმინისტრაციულ კანონში ცვლილებებისთვის ვეტო დაედო, ხვიჩიამ განაცხადა, რომ აქამდე არ ყოფილა იმის პრეცედენტი, როცა პრეზიდენტი შეხვდა ოპოზიციას, ვისაც კანონთან დაკავშირებით პროტესტი გაუჩნდა და რადგან ეს პროცესი დაიწყო, ასეთი მოლოდინიც ამიტომ გაჩნდა.

„მე მისი ქმედებები მაფიქრებინებდა ამას და არა ის, რომ რაღაც ჩემი მოსაზრებები მქონდა, არსაიდან წამოსული. არგუმენტები, რაც პრეზიდენტმა ჩამოთვალა, ფაქტობრივად, ჩვენ რომ დაგვეთანხმა, ჩვენი არგუმენტები იყო და ეს საკმარისი იყო კანონპროექტისთვის ვეტოს დასადებად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეკითხვაზე, მოიაზრებს თუ არა საკუთარ თავს გიორგი ვაშაძის მიერ დაანონსებულ მესამე პოლიტიკურ ცენტრში, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ „გირჩი“ არანაირ ცენტრში არ გაერთიანდება და „გირჩად“ დარჩება.