იაგო ხვიჩია - ყველგან ვიღებთ მონაწილეობას, რათა დავინახოთ, რა პროცესია და „ქართულ ოცნებას“ არ ვათქმევინოთ, რაღაც გვქონდა შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი გვიკრაო
იაგო ხვიჩია - ყველგან ვიღებთ მონაწილეობას, რათა დავინახოთ, რა პროცესია და „ქართულ ოცნებას“ არ ვათქმევინოთ, რაღაც გვქონდა შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი გვიკრაო

​ყველგან ვიღებთ მონაწილეობას, რათა დავინახოთ, რა პროცესია და „ქართულ ოცნებას“ არ ვათქმევინოთ, რაღაც გვქონდა შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი გვიკრაო, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციამ უნდა გაიგოს, რა სურს „ქართულ ოცნებას“.

„რაც შეეხება 12 პუნქტს და „ქართული ოცნების“ ჯგუფებში მონაწილეობას, როგორც ჩემთვის ცნობილია, საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში უნდა განხორციელდეს. კომიტეტებზე ოპოზიციაც და ხელისუფლებაც აქამდეც დავდიოდით. მე ვფიქრობ, მოსმენების ამ ნაწილსაც ოპოზიცია უნდა დაესწროს – მეც უნდა დავესწრო და სხვებიც უნდა დაესწრონ. უნდა გავიგოთ, მართლა რა უნდა „ქართულ ოცნებას“, რეალურად რა არის ის შემოთავაზება, რასაც აკეთებენ, რამდენად აქვს მას კავშირი ევროინტეგრაციასთან. ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში მოვუყვეთ, რასაც ვაკეთებთ და რაშიც ვმონაწილეობთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ეს ევროინტეგრაციის გზაზე გვეხმარება, თუ უბრალოდ, ფორმალურად არის გაკეთებული იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროცესი შექმნას, თითქოს რამეს აკავებს. ჩვენ ყველგან ვიღებთ მონაწილეობას, მინიმუმ იმისთვის, რომ დავინახოთ, რა პროცესია ეს და „ქართულ ოცნებას“ ის არ ვათქმევინოთ, რომ ჩვენ რაღაცა გვქონდა შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი გვიკრაო.

პარალელურ რეჟიმში, ველაპარაკებით იმაზე, თუ რა იქნება, მათი აზრით, პოლარიზაციის დამამთავრებელი მათთვის; ოპოზიცია როდის შეწყვეტს ჩხუბს და ხელისუფლებამ ამისთვის რა უნდა გააკეთოს. მთავარი ევროინტეგრაციის შემაფერხებელი არის ჩვენი ჩხუბი, პოლარიზაცია, რომლისგანაც მოდის შენიშვნების უდიდესი ნაწილი. დეოლიგარქიზაციაც ეს ნაწილია შენიშვნების. გვინდა, ოპოზიციის მხრიდან დავინახოთ, რა არის ის, რაზეც ისინი ჩხუბს შეწყვეტენ, მერე ხელისუფლების ნაბიჯებს დავაკვირდეთ. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ვინ ჩაშლის ამ პროცესს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.