იაგო ხვიჩია შარლ მიშელის შეთანხმებაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ადეკვატურს უწოდებს
იაგო ხვიჩია შარლ მიშელის შეთანხმებაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ადეკვატურს უწოდებს

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შარლ მიშელის შეთანხმებაზე გაკეთებული განცხადება ადეკვატური იყო იმის გათვალისწინებით, თუ რა ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“.

როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, მხოლოდ საუბარი არ არის საკმარისი და ამასთან მიმართებით კრიტიკა ბევრი იქნება.

„მანამდე არსებობდა მონაკვეთები, როცა „ქართული ოცნება“ ცუდად და უპატივცემულოდ იქცეოდა ამ დოკუმენტის მიმართ და სწორედ ამიტომ, ჩვენ მივმართეთ პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო კანონპროექტისთვის, რომელიც იყო ამ დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგო, მაგრამ მაშინ ეს არ მოხდა. ამას იწვევს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერზე ზღუდავს. აქამდე არ უნდა მივიდეთ ხოლმე და ამას ვურჩევდი პრეზიდენტს. ხშირად დავინახავთ მომენტებს, როცა „ქართული ოცნება“ კარგად არ იქცევა და თუ გვინდა, ისეთი შედეგი არ მივიღოთ და ისეთ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ, რომელშიც ახლა ქვეყანა და პრეზიდენტი აღმოჩნდნენ, ყველა უნდა ვეცადოთ, „ქართული ოცნების“ ვნებების მოთოკვას“, – განაცხადა დეპუტატმა.

იაგო ხვიჩიამ ასევე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკაზე და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არის იმ სიტუაციაში, როცა ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერს ილაპარაკებს.

„ამის მიუხედავად, ამ ლაპარაკს არ უნდა მოვთხოვოთ შინაარსი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ ჩაიგდო თავი ასეთ ვითარებაში და ახლა ყველაფერს ლაპარაკობენ, სიტყვებს გამოსცემენ შინაარსის გარეშე“, – დასძინა ხვიჩიამ.