იაგო ხვიჩია - სააკაშვილმა უნდა ისწავლოს მეგობრობა სხვა პარტიებთან, მუდამ თვითონ არ იყოს პრინცის როლში, სხვა შემთხვევაში, სააკაშვილის დიდი მონატრება არ ჩანს
სააკაშვილმა უნდა ისწავლოს მეგობრობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან და მუდამ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში, – განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას უკრაინაში შეხვედრის შეფასებისას.
„ამ შემთხვევაში, სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოუნდებათ, რომ სააკაშვილი აქ იყოს, მათთან ერთად. სხვა შემთხვევაში, მაინც და მაინც სააკაშვილის დიდი მონატრება არ ჩანს, თავისით ვერ ჩამოდის, მარტო ვერც მის პარტიას ჩამოჰყავს, მხოლოდ იქით დადიან.
იმისთვის, რომ სააკაშვილი აქ ჩამოვიდეს, უნდა გახდეს მეგობრული, მშვიდობიანი და თავს არ უნდა ესხმოდეს სხვა პოლიტიკურ ძალებს. ჩემი აზრით, ამ შეხვედრას გარკვეული ტიპის მარილი აკლდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ მთავარ კითხვაზე პასუხი – შევა თუ არა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
შეკითხვაზე, სურს თუ არა „გირჩს“, ჩამოვიდეს სააკაშვილი, ხვიჩიამ განაცხადა: „ერთი სული მაქვს, მაგრამ არ ჩამოდის“.
ამასთან, იაგო ხვიჩიამ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რა შეიცვლება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლით: „ოპოზიცია მეტნი ვიქნებით და როცა ხელისუფლება ცუდად მოიქცევა, ბევრი ოპოზიციონერი დაესხმება თავს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ მომავალში ამის ნაკლები სურვილი გაუჩნდებათ. მნიშვნელოვანია, ოპოზიცია იყოს პარლამენტში, იქიდან გამომდინარე, რომ მარტო დღეს არსებული ოპოზიციის ხმები საკმარისი არ არის იმისთვის, რათა „ქართულ ოცნებას“ მოვუგოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.