იაგო ხვიჩია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციაზე მისულ პირებზე აცხადებს - ჩემი აზრით, მორწმუნეს ხატით სიარულს ვერ დაუშლი
იაგო ხვიჩია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციაზე მისულ პირებზე აცხადებს - ჩემი აზრით, მორწმუნეს ხატით სიარულს ვერ დაუშლი

ჩემი აზრით, მორწმუნეს ხატით სიარულს ვერ დაუშლი და ნებისმიერი, აქცია იქნება ეს თუ სხვა რამე, რომელიც ამას აკეთებს, ის შეცდომას უშვებს, – ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ 24 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბანერებით მდგარ პირებს აქციის დატოვებისკენ მოუწოდეს.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა აქციის ორგანიზატორების მიერ დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ორივე მოთხოვნა არასერიოზულია.

„პირველი – ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია, თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სულ სხვა ვინმეა და ღარიბაშვილი არის მხოლოდ ვიღაცის წარმომადგენელი; აქედან გამომდინარე, წარმომადგენლის წასვლას რომ ითხოვ სახლში, უბრალოდ არასერიოზულია, თუ იცი, რომ ის უბრალოდ, წარმომადგენელია. მეორე – რაც შეეხება ეროვნული თანხმობის რაღაცის შექმნას, ასევე არასერიოზულია, რადგანაც არავინ იცის, საიდან მოდის ლეგიტიმაცია, ვინ არის ეს ხალხი, ვინ არჩევს ამ ხალხს და ვისი სახელით მოქმედებს ეს ხალხი; რატომ ვენდობით ამ ხალხს და ვინ ნიშნავს თანამდებობაზე ამ ხალხს. „ქართული ოცნების“ პარლამენტი, მათი მთავრობა? რა მოთხოვნაა ეს შინაარსით და როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება. მე ვფიქრობ, რომ ამ აქციის ორგანიზატორები პრობლემაა, რადგან ასეთი მოთხოვნების წამოყენებით მერე ხალხის ხშირად შეკრება და დაშლა ადამიანების ნიჰილიზმს იწვევს და ფაქტობრივად, ახშობს პროტესტს, რაც სამართლიანად არსებობს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.