იაგო ხვიჩია - პოლარიზებული არიან პოლიტიკოსები, ერთმანეთში ჩხუბობენ და არ მჯერა, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ერთმანეთს ებრძვიან, არ მეგობრობენ ან ერთმანეთი არ „ევასებათ“
იაგო ხვიჩია - პოლარიზებული არიან პოლიტიკოსები, ერთმანეთში ჩხუბობენ და არ მჯერა, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ერთმანეთს ებრძვიან, არ მეგობრობენ ან ერთმანეთი არ „ევასებათ“

მგონია, რომ საზოგადოება ნაკლებად არის პოლარიზებული და მას მედიასაშუალებები აჩენენ უფრო პოლარიზებულად, ვიდრე სინამდვილეში არის, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პოლარიზებული არიან პოლიტიკოსები. ისინი ერთმანეთში ჩხუბობენ, კინკლაობენ და ა.შ. მე არ მჯერა იმის, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ერთმანეთს ებრძვიან, არ მეგობრობენ ან ერთმანეთი არ „ევასებათ“ და ერთად დროს არ ატარებენ. წარმოიდგინეთ, ერთ პარტიას ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, ხოლო მეორე პარტიას ერთ მილიონამდე ადამიანმა და ხომ შეუძლებელია, ამ ადამიანებს ერთმანეთთან ბევრნაირი ურთიერთობა არ ჰქონდეთ? მათ შორის რომ რეალური მტრობა და შუღლი იყოს, ჩვენ ამას დავინახავდით. მიუხედავად ამდენი მცდელობისა, რომ ეს შუღლი გაღვივდეს, მადლობა ღმერთს, ადამიანები ბევრად უფრო საღ აზრზე არიან და არ ჰყვებიან სიგიჟეს, რომელიც საჯარო სივრცეში გვხვდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, შერიგებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციაც თავის პოზიციას არ აფიქსირებს.

„შემირიგდითო, არ ამბობენ. ამას ამბობენ სიტყვებით, მაგრამ ამას არ გამოხატავენ ქმედებით და როცა რაღაცას ამბობენ, საერთოდ სხვა რაღაცას გულისხმობენ. აქედან გამომდინარე, ეს ამართლებს ამ მდგომარეობას, როდესაც „ქართულ ოცნებასაც“ შეუძლია, შერიგების საკუთარი პირობა არ დაასახელოს და ეს საუბარი სხვაგან გადაიყვანოს. ოდესღაც, ეს დამთავრდება. შეუძლებელია, ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს და რომელიმე პოლიტიკური პარტია სულ იყოს ხელისუფლებაში, ბრძოლის პირობებში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოთხოვნები შეცვალოს ან გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „გირჩი“ დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, დროზე ეთქვათ შერიგების საკუთარი პირობა, თუ შერიგება უნდოდათ, მაგრამ მათ მიერ სიტყვიერად დასახელებული პირობა იმდენად არასერიოზულია, რომ მმართველი პარტიაც არასერიოზულ პასუხს სცემს.

„თუ ზიხარ ციხეში და ხელისუფლებას ეუბნები, თქვენ წადით ხელისუფლებიდან, მე გამომიშვით ციხიდან, უფროსად დამნიშნეთ და თუ გინდა, არ დაგიჭერთო, გამოდის, რომ ჩემთან ისეთი წინადადებით მოდიხარ, პასუხის გაცემაც არ მინდება და მეც ასევე არასერიოზულად გცემ პასუხს. სინამდვილეში, აი, ამით არის ახსნილი მთელი ეს პროცესი, რასაც ვუყურებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩის“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის მერე ციხეში არ იჯდება.

„მე მაინც მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის მერე არ იჯდება ციხეში. ის არანაირ ექვს წელს არ მოიხდის და ამ წელს მოგვარდება მისი ამბავი, მაგრამ მე მინდა, ეს ისე მოგვარდეს, რომ ჩხუბი დამთავრდეს და დამთავრდეს ეს დაუსრულებელი მიშა-ბიძინას კონფლიქტი, სადაც ხალხს ხელოვნურად ჰყოფენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.