იაგო ხვიჩია - მინდა, ახალი პარლამენტის შანსი გაჩნდეს, დავრესტარტდეთ, ამ პარლამენტში ბევრი შხამი და ბოღმაა, იქ ყოფნა ძალიან რთულია
იაგო ხვიჩია - მინდა, ახალი პარლამენტის შანსი გაჩნდეს, დავრესტარტდეთ, ამ პარლამენტში ბევრი შხამი და ბოღმაა, იქ ყოფნა ძალიან რთულია

მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება მოსახლეობას არ უნდა ამ ქვეყანაში, ჩემი აზრით, და ეს „ქართულმა ოცნებამაც“ იცის, მაგრამ „ოცნება“ ამას უსინდისოდ იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ქართველი ხალხის შიში არსებობს „ნაცმოძრაობის“ მიმართ და ცხრა წლის განმავლობაში მეტი არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ ყარაულები არიან, „ნაცმოძრაობისგან“ ქართველი ხალხის დასაცავად. აი, ეს როლი აქვთ – ჩვენ ვართ ყარაულები და გიცავთ, რომ „ნაცმოძრაობა“ არ მოვიდეს, მაგრამ ეს ყარაული უზარმაზარ ფასს ითხოვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვან გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ უნდა დასრულდეს ორპოლუსიანობა და შექმნილი ვითარება, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ეს რაღაც დროს დასრულდება, რადგან ირგვლივ იმედგაცრუებაა და რაღაც დროს, ადამიანებს რაღაც ბეზრდებათ.

„მერე, ადამიანების ყურადღებას ასეთი ტიპის „ექშენითაც“ კი ვეღარ მიიზიდავ, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა, აქ დაკავება და ასე შემდეგ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეკითხვაზე, უშვებს თუ არა იმის ალბათობას, რომ მობეზრების მიუხედავად, საზოგადოებამ ისევ ამ ორი პოლუსიდან ერთ-ერთი აირჩიოს, ამ ორმა ძალამ ერთმანეთი შეცვალოს და დანარჩენი პარტიები ისევ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან თვითმმართველობის არჩევნებმაც აჩვენა, რომ სხვა დანარჩენები ველზე თითქმის არ არსებობენ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ეს მუდამ ასე მოხდება, სანამ ადამიანების თავში რაღაც არ გადატრიალდება და არ მივხვდებით, რომ ქართველებს ეს არ გვინდა, რადგან ამას ყველაფერი სჯობს.

„აი, ეს უნდა გავიაზროთ მთელმა ერმა. ზოგადად, ეს ორი ადამიანი უნდა დავივიწყოთ, თავი დავანებოთ და ამ ხალხს თავისუფლად ცხოვრების საშუალება მივცეთ. ეს ხალხი ჩვენს თავში არსებობს, ჩვენს თავში ებრძვიან ერთმანეთს. მე მაინც მგონია, რომ ადამიანები სწავლობენ და რაღაც მომენტში, ეს თამაში ამ მოთამაშეებისთვის ძალიან სახიფათო იქნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ნაკლებად ხედავს, მაგრამ პარლამენტი იმდენად არის დაზიანებული, რომ ვადამდელი არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა.

„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ნაკლებად ვხედავ, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ამ ოპერაციით 43% გაინაღდა და ეს შარი თავიდან აიცილა. უბრალოდ, ჩემს მოსაზრებას ვამბობ, რომ მინდა, ახალი პარლამენტის შანსი გაჩნდეს. იმიტომ, რომ დავრესტარტდეთ. ამ პარლამენტში შხამია ბევრი და ბოღმა. მთელი ამ პროცესების შედეგად, იმდენად დაზიანდა, რომ იქ ყოფნა ძალიან რთულია. ადამიანებს ერთმანეთზე ისეთი რაღაცები აქვთ ნაკადრი და ისეთი პროცესები აქვთ გავლილი, რომ ამ ყველაფერმა ეს პარლამენტი ძალიან დააზიანა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეკითხვაზე, წავა თუ არა არჩევნებზე 30 ოქტომბერს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ არ წავა.