იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ კოალიციასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივა ოპოზიციაში კონფლიქტს გააღვივებს
იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ კოალიციასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივა ოპოზიციაში კონფლიქტს გააღვივებს

„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ კოალიციასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივა ოპოზიციაში კონფლიქტს გააღვივებს.

„არ მიგვაჩნია, რომ ახლა ეს საკითხი გადამწყვეტი საკითხია. ზოგადად, ოპოზიციაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარეც, ასევე მგონია, რომ ეს პრობლემურიც იქნება და კიდევ უფრო გააღვივებს ოპოზიციაში კონფლიქტებს. ამავდროულად, ასე არ ხდება, რომ „ნაციონალური მოძრობის“ წევრები არ ჩაერიონ. პოლიტიკაში ცოტა სხვანაირად ხდება, ფიზიკურად. მათაც რომ თქვან, არ ჩავერევითო, ნდობა მასე არ მოდის. ნდობის მოტანისთვის სულ სხვა რამეა საჭირო.

კონსულტაციებს წინ არაფერი უდგას, ჩვენ ერთმანეთს ისეც ველაპარაკებით. მით უმეტეს, „ლელოსთან“ დაკავშირებით არ გვაქვს ცუდი ურთიერთობები. მაგრამ პერსპექტივას ვხედავთ თუ არა ზოგადად ამ მიმართულების, ამ წუთში ამ პერსპექტივის დანახვა გვიჭირს. თუმცა, დავაკვირდებით, ცხადია და ჩვენს კოლეგებს ყურადღებით მოვუსმენთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები კოალიციის შესაქმნელად და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, ასევე პრემიერობის კანდიდატზე. თუმცა, მისივე თქმით, დღესვე უნდა შეთანხმდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილი მომავალ მთავრობაში.