იაგო ხვიჩია - მეეჭვება, ოჯახს გამოუვიდეს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა იმ მეთოდით, რაც პარტიას არ გამოუვიდა
იაგო ხვიჩია - მეეჭვება, ოჯახს გამოუვიდეს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა იმ მეთოდით, რაც პარტიას არ გამოუვიდა

მეეჭვება, რომ ოჯახს გამოუვიდეს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა იმ მეთოდით, რაც პარტიას არ გამოუვიდა, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია.

ხვიჩიას მიაჩნია, რომ ოჯახი იქნება, პარტია თუ თავად მიხეილ სააკაშვილი, ახალი ნაბიჯები უნდა გადადგან, რაც აქამდე არ გადადგმულა.

„ეს ნაბიჯი ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა, ამის გაგრძელება იქნება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაიშალოს და მიხეილ სააკაშვილი დაშლის თუ თავისით დაიშლება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამის შემდეგ ციხეში სააკაშვილის ყოფნა აზრს კარგავს. როცა რაღაც აზრს კარგავს და იქ ადამიანს ტყუილად აწამებენ, სხვა მოცემულობა იქნება და ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ვერ იტყვის იმას, რომ სააკაშვილი ციხიდან რომ გამოვუშვათ, დაბრუნდება და ისევ იგივეს გააკეთებს, რასაც აკეთებდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ადამიანია, ვინც პოლიტიკაში დარჩება, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პლატფორმა, იარაღია „ქართული ოცნების“ ხელში ქართველი ხალხის შესაშინებლად და ამ პლატფორმით არჩევნებს იგებს. თუ გვინდა, ქვეყანაში რამე შეიცვალოს, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე ეფექტური იარაღი უნდა წავართვათ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. მიხეილ სააკაშვილი იარაღად გამოყენებულია სხვის ხელში და ეს დიდი ხანი რატომ უნდა გინდოდეს და მით უმეტეს, სამუდამოდ, არ მესმის? – ეს ოჯახმა კი არა, ვინც არ უნდა მოითხოვოს, ამ მოცემულობით მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა წარმოუდგენლად ჩანს იმ პირობებში, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ისეთია, როგორიც იყო. ეს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს როგორ უნდა აუხსნა, „ქართული ოცნება“ რომ იყო და ამას აკეთებდე? – ამის ახსნა შეუძლებელია. შესაბამისად, ისეთ რამეს ითხოვენ, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები თავიანთ ამომრჩეველს ვერ აუხსნიან“, – აცხადებს ხვიჩია.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ საჭიროა ისეთი რამის მოთხოვნა, რომლის ახსნაც იქნება შესაძლებელი, ლოგიკური და რომლის არშესრულებაც იქნება უსამართლო.

„როგორც ყოფილი ადვოკატი, ამ რჩევას რაციონალურად გავცემ და არა ემოციურად და „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკით – თუ მართლა სააკაშვილის გარეთ ყოფნა გვინდა, ამის ყველაზე მოკლე გზაა „ნაცმოძრაობის“ დაშლა, რაც აწყობს ყველას – „ნაცმოძრაობას“, მის ლიდერებს, მიხეილ სააკაშვილს, ქართველ ხალხს და ყველას „ქართული ოცნების“ გარდა, რადგან მან უნდა მოუფიქროს ახალი თამაში და ვერ გააგრძელებს ზიზღსა და დაპირისპირებაზე აგებულ კამპანიას. „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა რა უნდა ქნან? ახალი ცხოვრების დაწყება სცადონ. ხომ წარმოგიდგენიათ, ახლა როგორ დღეში არიან? მათ ნებას განსაზღვარვს მიხეილ სააკაშვილის ნება, რომელიც პატიმარია და როცა პატიმარი მართავს პარლამენტის წევრებს, ეს არ არის ჯანსაღი პროცესი და საქართველოს პარლამენტს ეტყობა, რომ არ ვართ ჯანსაღ პროცესში. რა თქმა უნდა, ეს მარტო „ნაცმოძრაობის“ დამსახურება არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.