იაგო ხვიჩია - კვოტირება ამორალურად მიგვაჩნია, სანდრო რაქვიაშვილი რომ შეგვეყვანა პარლამენტში, მთელი სია ჩავხსენით, ქალს თუ ამოვიღებდით, შემდეგი დარჩებოდა
იაგო ხვიჩია - კვოტირება ამორალურად მიგვაჩნია, სანდრო რაქვიაშვილი რომ შეგვეყვანა პარლამენტში, მთელი სია ჩავხსენით, ქალს თუ ამოვიღებდით, შემდეგი დარჩებოდა

ჩემი აზრით, ადამიანთა კვოტირება, ასეთი ნიშნით დალაგება და პარლამენტში მოხვედრა ბოროტებაა, – აცხადებს „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია. ხვიჩიამ განმარტა, თუ რატომ ჩახსნა პარტიამ საარჩევნო სია.

„მიგვაჩნია, რომ ეს ზოგადად, ქალთა უფლებების დაცვისთვის არის ეს ყველაზე ცუდი, იქიდან გამომდინარე, როდესაც ხარ პარლამენტის წევრი ქალბატონი, რომელიღაც ადამიანების თავში არსებობს ინფორმაცია, რომ შენ პარლამენტის წევრი გახდი კვოტით, იმიტომ კი არა, რომ უკეთესი პოლიტიკოსი იყავი, არამედ სახელმწიფომ ჩააწერინა იძულებით პარტიის რაღაცა სიაში ვიღაცას.

ეს მიგვაჩნია ამორალურ ქცევად, ჩვენმა ამომრჩევლებმა პრაიმერისის წესით თვითონ შეარჩია თავიანთი ათეული, როგორი უნდა ყოფილიყო „გირჩის“ წარმომადგენლობა, ამ გამსვლელ სიაში არ იყვნენ ქალბატონები, მაგრამ მოგვიწია კანონმდებლობის მიხედვით შევსება, რომ ყოველი მეოთხე ქალბატონი ყოფილიყო. ჩვენ სარჩელი შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ არ ვცნობდით ქალთა კვოტირებას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას თქმით, ახლა დადგა დღის წესრიგში ამის სისრულეში მოყვანა.

„რადგან მიზანი გვქონდა, სანდრო რაქვიაშვილი შეგვეყვანა პარლამენტში, დაგვჭირდა მთელი სიის ჩახსნა, რადგან ქალს თუ ამოვიღებდით, შემდეგი დარჩებოდა. ამიტომ იმ ადგილას ჩავხსენით, რის შემდეგაც ამის განხორციელება შეიძლებოდა. ტყუილად აყენებენ ქალბატონ ანა ჩიქოვანს შეურაცხყოფას, ქალბატონი ანა იყო პარლამენტში შეტანილი სარჩელის ერთ-ერთი თანაავტორი, რომელიც კვოტირების წინააღმდეგ იბრძოდა. ამ თვალსაზრისით, დარწმუნებული ვარ, აზრი არ შეუცვლია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს რვიდან 129 ნომრის ჩათვლით, რეგისტრაცია გაუუქმდათ.