იაგო ხვიჩია - ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების შესრულება გვჭირდება, რათა საერთაშორისო პარტნიორებს დავანახოთ, რომ ცივილური ქვეყანა ვართ
იაგო ხვიჩია - ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების შესრულება გვჭირდება, რათა საერთაშორისო პარტნიორებს დავანახოთ, რომ ცივილური ქვეყანა ვართ

„გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ, როგორც მხარისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმება მისთვის მისაღებია.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა შეთანხმება ბოლომდე მივიდეს და ის ყველა მხარემ დაიცვას.

„ჩვენ ეს გვჭირდება პირველ რიგში იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობრებს ვაჩვენოთ, რომ ცივილური ქვეყანა ვართ, ერთმანეთს არ ვიჭერთ წინასაარჩევნოდ, სამართლიან თამაშის წესებზე ასე თუ ისე ვთანხმდებით და რაღაც თვალსაზრისით, გააზრებული გვაქვს და ვუშვებთ, რომ არჩევნების შედეგად შეიცვლება ხელისუფლება. ჩემი აზრით, ეს დაშვება ყველაზე საინტერესოა დასავლელი პარტნიორებისთვის, რომელთა ფასილიტატორობითაც წარიმართა ეს შეხვედრები და მოხდა შეთანხმება“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა არ აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას, თუმცა საუბარი იყო იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანები, რომელთა პატიმრობასაც ხელისუფლება სამართლიანად მიიჩნევს, გამოუშვას გარეთ.

„ეს ახსნეს ისე, რომ ეს არის პოლიტიკური კომპრომისის შედეგი. დაახლოებით ასეთი ტიპის შეთანხმება არსებობს, რაც ჩემთვის არის ცნობილი და ველოდები ამ შეთანხმების ყველა ნაწილში შესრულებას, როგორც კონსტიტუციურ ნაწილში, ასევე მართლმსაჯულების ნაწილში. როგორც მაქვს ინფორმაცია, შეხვედრაზე საუბარი იყო კონკრეტულად ოთხი ადამიანის გათავისუფლებაზე“, – აცხადებს ხვიჩია.

მისივე თქმით, როგორც იყო წარმოდგენილი ოლქების განაწილება, მას სამართლიან დასაწყისად მოეჩვენა.

„ვერ ვიტყვით, რომ ახლა გვებრძვიან და ჩვენი მოტყუება უნდათ. ასეთი განწყობით არ ვარ. დანარჩენს გვაჩვენებს მოლაპარაკების პროცესი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.