იაგო ხვიჩია - გამოსავალი შევთავაზეთ კოლეგებს, რომ კრიტიკული სიტუაციის მინელების შემდეგ, ცოტათი გადავადდება ხელახალი არჩევნები, რომელმაც რაღაცნაირი ახალი ლეგიტიმაცია უნდა მოიტანოს
იაგო ხვიჩია - გამოსავალი შევთავაზეთ კოლეგებს, რომ კრიტიკული სიტუაციის მინელების შემდეგ, ცოტათი გადავადდება ხელახალი არჩევნები, რომელმაც რაღაცნაირი ახალი ლეგიტიმაცია უნდა მოიტანოს

ამ ეტაპისთვის, შეუძლებელი გახდა, დავადგინოთ, რამდენი პროცენტით არის უშუალოდ არჩევნები გაყალბებული, – ამის შესახებ პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.

„ამიტომ, უნდა დავეყრდნოთ რაღაც დათვლის შედეგს და და მისი ცდომილების ზღვარს. ჩვენ სულ ამას ვიძახით“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენი პროცენტი შეიძლება, იყოს ცდომილება იმ საბოლოო შედეგებში, რომელიც ცესკო-მ გამოაქვეყნა, იაგო ხვიაჩიამ განაცხადა, რომ მისი მხრიდან ამ პროცენტებზე საუბარი სპეკულაცია იქნება.

„მე ვიცი ერთადერთი რაღაც, რომ პირველი ტური ვერ გადაწყვეტდა ამ არჩევნების ბედს. ეს საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნები მოგვპარეს პირველ ტურში. იმიტომ, რომ ხელისუფლებას მეორე ტურის შეეშინდა. მაგ პროცენტებს ახლა ვერავინ დათვლის. ეს უბრალოდ, ფიზიკურად არის შეუძლებელი. ჩვენ ამ გაყალბებული არჩევნების სანაცვლოდ ხელახალი არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი, ვადამდე. უბრალოდ, ჩვენ რა გამოსავალიც შევთავაზეთ ჩვენს კოლეგებს, როგორც ოპოზიციიდან, ისე ხელისუფლებიდან, არის შემდეგი – მას შემდეგ, რაც ეს კრიტიკული სიტუაცია ოდნავ მაინც მინელდება და ასე თუ ისე ნორმალურ საარჩევნო გარემოს მივიღებთ, ცოტათი გადავადდება ეს ხელახალი არჩევნები, რომელმაც ეს გაყალბებული სიტუაცია უნდა გამოასწოროს და რაღაცნაირი ახალი ლეგიტიმაცია მოიტანოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, რაც დღეს ხდება, რა პარლამენტიც არ უნდა ავირჩიოთ და რამდენი ხნითაც არ უნდა გვყავდეს, არის არალეგიტიმური პარლამენტი.

„იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ხმები იმდენად არსებითად გააყალბა, რომ მეორე ტურში მონაწილეობამ აზრი დაკარგა. ამის გამოსწორების ერთადერთი გზა იქნება სამართლებრივ სივრცეში ბრძოლა და პოლიტიკური ბრძოლა. მე ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილი მგონია, რომელსაც შეიძლება, თან ახლდეს სამართლებრივი ბრძოლა. ასევე, შეიძლება, ქუჩაში აქტივიზმი ახლდეს, გარკვეულწილად, მაგრამ პრინციპულად, ეს არის ბრძოლა, რომელიც ბოლო ერთი წელია მიმდინარეობს, 20 ივნისის შემდეგ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.