იაგო ხვიჩია - ამ ქვეყანაში პოლიტიკური გზები გამოყენებულა ადამიანების ციხიდან გასათავისუფლებლად, მაგალითად, ტყვეებიც გაგვიცვლია
ჩემი აზრით, არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლის სამართლებრივი გზები, არსებობს პოლიტიკური გზები და ზოგადად, პოლიტიკური გზები ამ ქვეყანაშიც გამოყენებულა ადამიანების ციხიდან გასათავისუფლებლად, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის ეთერში ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ.
„პრეზიდენტის მიერ შეწყალება ერთ-ერთი გზა არის, მაგრამ მაგალითად, რა ვიცი, ტყვეებიც გაგვიცვლია. ფიზიკურად გაგვიცვლია ხალხი, რომელიც ციხეში იჯდა ამ ქვეყანაში, ჩვენს დატყვევებულ ადამიანებზე ომის დროს. ყოფილა ასეთი შემთხვევები, ფიზიკურად ეს არ არის პრობლემა, უბრალოდ თუ ამ თემას გადაიტან სამართლებრივ გზებში, მე არ მინდა ამასთან დაკავშირებით საუბარი, რადგან არც სასამართლო მგონია ის სასამართლო, რომელმაც ასეთი საქმეები უნდა განიხილოს; მერე ჩვენ ამის საფუძველზე ადამიანებს უნდა შევუფარდოთ რაღაც და მერე კიდევ ამაზე ვიმსჯელოთ. ჩემი აზრით, ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები და არა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა თუ უდანაშაულოა, ეგ გადავწყვიტოთ ამ წუთას. ამწუთას პოლიტიკური კრიზისია მოსაშორებელი და ჩემი აზრით, პოლიტიკური კრიზისისთვის ჩვენი მოთხოვნა არის ყველაზე რელევანტური და ეს მოთხოვნა მგონია, რომ გაჩნდება მომავალშიც, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გავაგზავნოთ საზღვარგარეთ. აგერ, კერძო კლინიკებში ითხოვენ მის გადაყვანას. თქვენ იცით, ამასთან დაკავშირებით არსებობს მოთხოვნებიც, კერძო კლინიკაში გადავიყვანოთ საზღვარგარეთ. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, სამართლებრივი კი არა. შეიძლება, სამედიცინო, მაგრამ სამართლებრივი არ არის ყოველთვის გამოსავალი, როდესაც საქმე არა მხოლოდ სამართლებრივ თემებს ეხება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.