იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი დღესვე გახდება ცნობილი და იმედი აქვს, რომ პარლამენტში მას ყველა ხელს მოაწერს
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი დღესვე გახდება ცნობილი და იმედი აქვს, რომ პარლამენტში მას ყველა ხელს მოაწერს

ოპოზიციონერი დეპუტატი, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თაობაზე პარლამენტში დღეს გამართულ შეხვედრაზე ყველა დამსწრე გარკვეული თვალსაზრისით ერთ აზრზე იყო, რომ ეს რეზოლუცია არის საჭირო.

როგორც იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, განსხვავებული იყო ოპოზიციონერის, „ევროპელი სოციალისტების“ წევრის, ფრიდონ ინჯიას მოსაზრება.

ინჯია ამბობს, რომ საერთოდ თავი უნდა შევიკავოთ რეზოლუციის მიღებისგან. შეხვედრის სამი მეოთხედი მიდიოდა ამ თემაზე დისკუსია და საბოლოო ჯამში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დავარწმუნებთ ბატონ ფრიდონს ამ საკითხში. მას ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, რომელზეც ჩემს კოლეგებს მოვუწოდებდი, გველაპარაკა მეტი. მგონია, რომ ეს საუბარი საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს და ყველა მოაწერს ხელს რეზოლუციის ტექსტს, რომელიც უახლოეს საათებში შეთანხმდება. მე მგონი, მალე ნახავთ ამ ტექსტს.

გეტყვით, რისი ჩამატება მინდოდა ამ ტექსტში, რისი გათვალისწინება მინდოდა. მინდოდა, ამ ტექსტში მოხსენიებული ყოფილიყო უკრაინელი ხალხი, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი. შენიშვნები ჩაინიშნეს და მე ყოველთვის მაქვს პოზიტიური განცდა, რომ იქნება გათვალისწინებული“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს.