„იაგელონიის“ მწვრთნელი – „იბერიამ“ აჩვენა რომ კარგი გუნდია, სასურველი შედეგის მისაღწევად უკეთესი თამაში გვმართებს #1TVSPORT
პოლონური „იაგელონიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან შემენიეცმა „იბერიასთან“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ პირველ მატჩში შინ დიდი ანგარიშით მოვიგეთ, გარკვეული კომპონენტების გაუმჯობესება გვსურს. ჩვენს წყვილში გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება, მაგრამ გვსურს დავამტკიცოთ, რომ შემდეგ ეტაპზე თამაშს ვიმსახურებთ, ამიტომ საპასუხო მატჩის მოგებაც გვინდა.
– იყო თუ არა პირველ მატჩში „იაგელონიის“ სასარგებლოდ პენალტი და ნაჭყებიას გოლი – გასაუქმებელი?
– ამ კითხვაზე ვერაფერს გეტყვით, არ მახასიათებს მსაჯის გადაწყვეტილების კომენტირება, მით უმეტეს, მასზე გავლენასაც ვერ მოვახდენ.
– ასახავდა თუ არა პირველი მატჩის შედეგი გუნდებს შორის სხვაობას?
– დაგეთანხმებოდით, რომ გუნდებს შორის ასეთი სხვაობა ნამდვილად არ არის. „იბერიამ“ აჩვენა, რომ კარგი გუნდია, კარგი მომენტებიც შექმნა. ამიტომ საპასუხო მატჩში უკეთესი თამაში გვმართებს, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.