„იაგელონიის“ მწვრთნელი – „იბერიასთან“ საპასუხო მატჩამდე შესანიშნავი შედეგი გვაქვს, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ #1TVSPORT
„იაგელონიამ“ ევროპალიგის პლეიოფის პირველ მატჩში „იბერია“ 4:0 დაამარცხა და, ფაქტობრივად, ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ადრიან სემენიეცი ამბობს, რომ თბილისში გასამართ შეხვედრამდე გამარჯვებულის დასახელება ნაადრევია.
„საპასუხო მატჩამდე შესანიშნავი შედეგი დავაფიქსირეთ, მაგრამ ჩვენი გუნდის გამარჯვებულად გამოცხადებას არ ვჩქარობთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ჩემპიონზე, გუნდზე, რომელიც ევროპალიგის პლეიოფშია.
დღეს რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რომელთა გამოსწორებაზე საპასუხო მატჩამდე უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ“, – თქვა „იაგელონიის“ მწვრთნელმა, ადრიან სემენიეცმა.
ევროპისლიგის პლეიოფის საპასუხო შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 27 აგვისტოს გაიმართება.