„ჰუმან რაითს ვოჩმა“ ისრაელი პალესტინელების მიმართ აპარტეიდის მსგავსი პოლიტიკის განხორციელებაში დაადანაშაულა, ისრაელი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს
„ჰუმან რაითს ვოჩმა“ ისრაელი პალესტინელების მიმართ აპარტეიდის მსგავსი პოლიტიკის განხორციელებაში დაადანაშაულა, ისრაელი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩმა“ ისრაელი პალესტინელების მიმართ აპარტეიდის მსგავსი პოლიტიკის განხორციელებასა და დევნაში დაადანაშაულა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ 213 გვერდიანი მოხსენებაში ნათქვამია, რომ მოხსენების მიზანი არ არის ისრაელის აპარტეიდისდროინდელ სამხრეთ აფრიკასთან შედარება, არამედ ქვეყნის მიერ განხორციელებული „სპეციფიკური ქმედებებისა და პოლიტიკის“ შეფასება, თუ რამდენად ატარებს მისი მოქმედებები აპარტეიდის მსგავს ხასიათს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აბსურდულსა და ცრუს უწოდებს და უფლებადამცველ ორგანიზაციას „ანტიისრაელურ განწყობაში“ ადანაშაულებს.

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მიესალმება ზემოაღნიშნულ მოხსენებას.

რამდენიმე კვირის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) განაცხადა, რომ გამოიძიებს ისრაელის მიერ ოკუპირებულ ღაზას სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე განხორციელებულ ომის დანაშაულებებს. სავარაუდო ეჭვმიტანილებად კი, ისრაელის სამხედროები და პალესტინური სამხედრო დაჯგუფება „ჰამასი“ დასახელდნენ.