ჰუბერტ ქნირში - ნატო არის მხოლოდ თავდაცვითი ალიანსი და მნიშვნელოვანია, ზუსტად ეს აჩვენოს ამ ვითარებაში, რადგან ომი არ გავრცელდეს და არ გადავიდეს კიდევ სხვა ქვეყნებზე
ჰუბერტ ქნირში - ნატო არის მხოლოდ თავდაცვითი ალიანსი და მნიშვნელოვანია, ზუსტად ეს აჩვენოს ამ ვითარებაში, რადგან ომი არ გავრცელდეს და არ გადავიდეს კიდევ სხვა ქვეყნებზე

ნატო არის მხოლოდ თავდაცვითი ალიანსი და მნიშვნელოვანია, რომ ნატო-მ ზუსტად ეს აჩვენოს ამ ვითარებაში, ეს მნიშვნელოვანია, რომ ომი არ გავრცელდეს და არ გადავიდეს კიდევ სხვა ქვეყნებზე, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია გერმანიის პოზიცია უკრაინის მოთხოვნასთან დაკავშირებით, დაიხუროს უკრაინის საჰაერო სივრცე, ქნირშმა აღნიშნა: „ეს გვაბრუნებს კითხვასთან ნატო-ს შესახებ. შეუძლია ნატო-ს სამხედრო ჩარევა განახორციელოს ამ ომში მაგალითად საჰაერო ძალებით, ან რუსული თვითმფრინავებისთვის უკრაინის საჰაერო სივრცის დაკეტვით. ეს შეუძლებელია, რადგან ნატო არის მხოლოდ თავდაცვითი ალიანსი და მნიშვნელოვანია, რომ ნატო-მ ზუსტად ეს აჩვენოს ამ სიტუაციაში. ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, როგორ იბომბება უკრაინული ქალაქები, მაგრამ ამ პრინციპზე უნდა დავრჩეთ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ომი არ გავრცელდეს და არ გადავიდეს კიდევ სხვა ქვეყნებზე“.

კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა დასავლეთის მხრიდან პრევენციული ზომების განხორციელება ომის თავიდან ასაცილებლად, ელჩმა აღნიშნა, რომ დასავლური დიპლომატია ვითარებას და კონფრონტაციას რუსეთთან დიდ ყურადღებას უთმობდა, იყო აქტიური მცდელობები ახალი ომის თავიდან ასაცილებლად.

„გერმანია და საფრანგეთი ერთობლივად ცდილობდნენ შუამავლობას რუსეთსა და უკრაინას შორის და დონბასის კონფლიქტის მოგვარებას. ამავე დროს, ჩვენ უკვე მნიშვნელოვან ზეწოლას ვახორციელებდით რუსეთზე სანქციების მეშვეობით. ჩვენ ვაჩვენებდით რუსეთს, რომ ის გზა, რომელიც მან აირჩია, სახიფათოა, მაგრამ კიდევ არსებობს შესაძლებლობა შემობრუნების და ევროპაში მშვიდობიანი ქვეყნების რიცხვში დაბრუნების. რუსეთი ამაზე არ დათანხმდა და თავისი პოლიტიკა დამპყრობლურ ომამდე მიიყვანა. იმედი გვქონდა, რომ რუსეთი ამ შეცდომას არ დაუშვებდა, ახლა ვხედავთ, რომ ეს მაინც მოხდა, და ჩვენ კიდევ უფრო მძლავრი ღონისძიებებით უნდა ვუპასუხოთ მას. ჩვენ ვიცით, რომ სანქციები ძვირი უჯდებათ თავად ევროკავშირს და სხვა ქვეყნებსაც“, – აღნიშნა ელჩმა.

კითხვაზე, როგორ აისახება სანქციები საქართველოზე, ჰუბერ ქნირშმა აღნიშნა, რომ კონფლიქტს უკვე აქვს საშინელი ეკონომიკური შედეგები უკრაინისთვის, მაგრამ ასევე სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინასთან არიან დაკავშირებული, ასევე რუსეთისათვის.

„სანქციებს ექნება შემდგომი შედეგები და ისინი, რა თქმა უნდა, არ იქნება დადებითი. გერმანიაში ველოდებით, რომ ეს განვითარება ეკონომიკურ სიტუაციას დაამძიმებს, ჩვენ წელს ალბათ არ გვექნება ეკონომიკური ზრდა, შეიძლება რეცესიაც გვქონდეს. საქართველოში იმედი არსებობს, რომ კოვიდის კრიზისის დასრულების შემდეგ შესაძლებელია ეკონომიკური ზრდა და შესაძლებელი იქნება ინფლაციის დაწევა, მაგრამ ჯერ ეკონომიკური შედეგები მართლაც ძალიან მძიმეა, მაგრამ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ამის თავიდან აცილების შესაძლებლობა არ არის. არ არსებობს ომი, რომელსაც არ ექნება ნეგატიური ზეგავლენა ყველასთვის ევროპაში“, – განაცხადა ქნირშმა.