ჰუბერტ ქნირში - ევროკომისია იმუშავებს და უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის განაცხადს ერთდროულად განიხილავს, სამივე ქვეყანასთან მიმართებით ერთნაირად ვიმოქმედებთ
ჰუბერტ ქნირში - ევროკომისია იმუშავებს და უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის განაცხადს ერთდროულად განიხილავს, სამივე ქვეყანასთან მიმართებით ერთნაირად ვიმოქმედებთ

ევროკომისია იმუშავებს და უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის განაცხადს ერთდროულად განიხილავს, სამივე ქვეყანასთან მიმართებით ერთნაირად ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ​განაცხადა.

ჰუბერტ ქნირშმა უპასუხა შეკითხვას საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე, თუ როგორ აფასებს წევრობის შანსებს და შესაძლებელია თუ არა ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება.

„მიხარია, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესმა ახალი ენერგია შეიძინა. ეს პროცესი არ დაწყებულა გუშინ. ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველოს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება და ამისთვის აქტიურად ემზადება. დღევანდელ სიტუაციაში, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, მით უმეტეს მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ევროპულ ოჯახს ვეკუთვნით-უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და ჩვენ, წევრი სახელმწიფოები. პროცესი, რომელიც ახალი ენერგიით მიმდინარეობს, უფრო სწრაფად მიდის, ვიდრე მდორედ. მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს ნამდვილ ევროპულ ქვეყნად გარდაქმნა, რომელსაც ექნება ევროპული ცხოვრების სტანდარტი, სამუშაო ადგილები, ევროპული განათლების შანსები, ევროპული საკანონმდებლო სისტემა და ასე შემდეგ. ეს არის საკითხები, რომლებიც უბრალოდ ბრიუსელში კი არ წყდება, არამედ რომლებიც აქ, საქართველოში უნდა გაკეთდეს. ჩვენ, ევროპელი პარტნიორები მზად ვართ, აქტიურად დავეხმაროთ ამაში ქვეყანას, მაგრამ ცვლილებები ქვეყანაში მნიშვნელოვან წილად თავად საქართველოს მოსახლეობამ და მთავრობამ უნდა განახორციელონ“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ამასთან, ჰუბერტ ქნირშმა ისაუბრა საკითხზე, ევროკავშირმა ამ სამი ქვეყნის განაცხადი ერთად უნდა განიხილოს თუ ცალ-ცალკე.

„ევროკავშირმა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადზე უკვე გასცა პასუხი და ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას დაავალა, ამ მიმართულებით იმუშაოს და თქვას, რამდენად აკმაყოფილებს ეს სამი ქვეყანა ევროკავშირში მისაღებად საჭირო კრიტერიუმებს – ეს არის კრიტერიუმები ეკონომიკურ სფეროში, კრიტერიუმები, რომლებიც ეხება ევროპულ კანონმდებლობას, ეს არის კრიტერიუმები, რომლებიც მოიცავს დემოკრატიის მთელ სპექტრს, სამართლებრივი სახელმწიფოს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით უმცირესობების უფლებების კუთხით. ევროკომისია ახლა იმუშავებს და სამივე ქვეყნის განაცხადს ერთდროულად განიხილავს, ადვილი არ იქნება ახლა უკრაინაში ამის გაკეთება, რაც მოითხოვს საუბრებს, შეხვედრებს უკრაინელ პარტნიორებთან, რისი სიტუაციაც ახლა არ არის. ნამდვილად არ იქნება ისე, რომ საქართველო ან მოლდოვა გახდნენ ევროკავშირის წევრები, ხოლო უკრაინა ისევ ომში იყოს. ჩვენ სამივე ქვეყანასთან მიმართებაში ერთნაირად ვიმოქმედებთ, როგორც ეს სამივე ქვეყანამ შეგვთავაზა, მათ ხომ ასოცირებული ქვეყნების ტრიო შექმნეს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

გერმანიის ელჩმა ასევე ისაუბრა, თუ რა არის მთავარი გამოწვევები ქვეყნის შიგნით ევროინტეგრაციის გზაზე:

„კიდევ ბევრი გამოწვევა არსებობს და, როდესაც ადამიანებს ვესაუბრები – მთავრობის, პოლიტიკის წარმომადგენლებს, ოპოზიციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ყველას ესმის, ყველამ იცის, რომ ქვეყანაში კიდევ ბევრი ცვლილებაა აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველო მართლაც ევროპულ ქვეყნად იქცეს, ისე, როგორც ეს თავად ქართველებს სურთ. ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ აქ. მე მრავალი მაგალითის მოყვანა შემიძლია, რადგან ეს თემა ბევრ სფეროს მოიცავს. ეს არის მაგალითად ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობის საკითხი. პრემიერ-მინისტრმა სწორად განაცხადა, რომ ქართველებს ევროკავშირისაკენ მიმავალი გზის გავლა სურთ აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მაგრამ ეს ნამდვილად ეხება ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც სხვა დედაენა აქვთ – სომხური, აზერბაიჯანული ან ბერძნული. ეროვნული უმცირესობების კარგი ინტეგრაცია საზოგადოებაში არის ევროპული ქვეყნისთვის დამახასიათებელი ნიშანი. ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სიტემა, რომელიც შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომლებიც ახალგაზრდა ქართველებს თავად აქვთ. მათ აქვთ უფლება, მიიღონ კარგი სასკოლო განათლება, ასევე კარგი უმაღლესი განათლება, რომელიც მათ პროფესიული ცხოვრებისთვის ამზადებს. თავის მხრივ, მხოლოდ ასე შეიძლება შეიქმნას ეკონომიკა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირისას. ეს ყველაფერი მართლაც დიდი ამოცანებია, მაგრამ საქართველოს ამ ამოცანების გადაჭრა გუშინ არ დაუწყია, არამედ ამაზე უკვე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და კარგია, რომ ეს აქტიურობა ახალ ენერგიას იძენს, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს არჩევანი ორ ევროპას შორის: ერთი მხრივ, არის თავისუფალი ევროპა, სადაც ქვეყნები თავისუფლად თანამშრომლობენ ერთმანთთან და, მეორე მხრივ ევროპა, რომელიც პუტინის წარმოდგენით უნდა იყოს და სადაც დიდი სახელმწიფოები თავიანთ გავლენის სფეროებს ამკვიდრებენ. ეს არის არჩევანი, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.