ჰონგ კონგში პოლიციელების პირადი მონაცემების გასაჯაროება აიკრძალა
ჰონგ კონგში პოლიციელების პირადი მონაცემების გასაჯაროება აიკრძალა

ჰონგ კონგში პოლიციელების პირადი მონაცემების გასაჯაროება აკრძალეს.​ ამიერიდან, სამართალდამცველების სახელების, საცხოვრებელი მისამართის, ფოტოს და სოციალურ ქსელებში მათი გვერდების ბმულების გამოქვეყნდება კანონით დაისჯება. შეზღუდვა 14 დღე იმოქმედებს. შესაბამისი განჩინება სასამართლომ გამოსცა.

სასამართლოში განმარტეს, რომ აიკრძალება პოლიციელების „დევნა და დაშინება“, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ მუქარა. შეზღუდვა ვრცელდება მედიასაშუალებებზეც.

მანამდე ჰონგ კონგის პოლიციაში არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ თანამშრომლებს პრობლემები ექმნებათ, რადგან პოლიციელების პირად მონაცემებს ინტერნეტში აქვეყნებენ. კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაცია ჟურნალისტებს მუშაობას გაურთულებს.

მათივე თქმით, აღნიშნული კანონი მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაში ეჭვმიტანილ სამართალდამცავებს ვინაობის დამალვაში დაეხმარება.

ჰონგ კონგში მასობრივი საპროტესტო აქციები ივნისიდან იმართება. დემონსტრანტები პოლიციელების ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.