ჰონგ კონგში მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა
ჰონგ კონგში მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა, 300 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება, ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ქალაქში ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ხანძრის შედეგად დაშავებულია, სულ მცირე, 70 ადამიანი.
ჰონგ კონგის ლიდერმა, ჯონ ლიმ განაცხადა, რომ მთავრობა დაზარალებულების დასახმარებლად 39 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.
ჰონგ კონგის პოლიციამ მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიის ორი დირექტორი და ინჟინერ-კონსულტანტი დააკავა. კომპანიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოღებულია დოკუმენტები, კომპიუტერები და მობილური ტელეფონები.
საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, რვა შენობისგან შედგება და ორი ათასამდე ბინას ითვლის. კომპლექსში 4 600 ადამიანი ცხოვრობდა. ბინებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, შენობების ფასადს გარშემო ბამბუკის ხარაჩოები და მწვანე ბადე ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი თავდაპირველად სწორედ ხარაჩოებს გაუჩნდა.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს ჰონგ კონგში ყველაზე მასშტაბური ხანძარია 1948 წლის შემდეგ, როდესაც საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად 176 ადამიანი დაიღუპა.