ჰონგ კონგის ლიდერს ოპოზიციამ საკანონმდებლო საბჭოში გამოსვლის საშუალება არ მისცა
ჰონგ კონგის ლიდერს ოპოზიციამ საკანონმდებლო საბჭოში გამოსვლის საშუალება არ მისცა

ჰონგ კონგის ლიდერს, კერი ლამს ოპოზიციამ საკანონმდებლო საბჭოში გამოსვლის საშუალება არ მისცა. საკანონმდებლო ორგანოში მისულ კერი ლამს ოპონენტები შეძახილებით შეხვდნენ. ამის გამო, პარლამენტის სხდომა ორჯერ შეწყდა.

ოპოზიციის ლიდერები დარბაზში საპროტესტო სლოგანებს სკანდირებდნენ. მათი თქმით, კერი ლამი საკანონმდებლო საბჭოში არ უნდა გამოვიდეს, რადგან „მას ხელები სისხლში აქვს გასვრილი“. ოპონენტები ჰონგ კონგის ლიდერის გადადგომას ითხოვენ.

ჰონგ კონგის ლიდერი პარლამენტში ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონის უკან გაწვევის მიზნით იყო მისული. სწორედ აღნიშნული კანონის გამო ჰონგ კონგში აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები იმართება.

კანონის ამოქმედება ჰონგ კონგის ხელისუფლებამ ივლისში შეაჩერა, შემდეგ კი პირობა დადო, რომ მას უკან გაიწვევდა.

ექსტრადიციის შესახებ კანონი ჰონგ კონგის მთავრობას აძლევს უფლებას, მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები ჩინეთში გააგზავნოს. ოპონენტები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონით ჰონგ კონგის ავტონომია იზღუდება.

დატოვე კომენტარი