ჰოკეის რუსი ვარსკვლავი კოკაინის მიღებისთვის ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ჰოკეის რუსი ვარსკვლავი კოკაინის მიღებისთვის ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ „ვაშინგტონ კეპიტალზის“ რუს ჰოკეისტს ევგენი კუზნეცოვს ოთხწლიანი დისკვალიფკაცია მისცა ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო.

როგორც ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, კუზნეცოვმა ჩააგდო დოპინგ-ტესტი, რომელიც მისგან 2019 წლის 26 მაისს, მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობის დროს აიღეს. მოთამაშის ორგანიზმში კოკაინის კვალი აღმოჩნდა. კუზნეცოვს არ მოუთხოვია მეორე სინჯის გახსნა. რუსის დისკვალიფიკაცია 2023 წლის 13 ივნისამდე იქნება ძალაში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მაისში, სოციალურ ქსელებში გაჩნდა ვიდეო, სადაც კუზნეცოვი სასტუმროს ნომრიდან ტელეფონით ლაპარაკობს, მის წინ მაგიდაზე კი თეთრი ფხვნილია დაყრილი. ჰოკეისტმა აღიარა, რომ ვიდეო ნამდვილია, მაგრამ განაცხადა, რომ ის გადაღებულია 2018 წლის ზაფხულში ლას ვეგასში, სადაც „ვაშინგტონი“ სტენლის თასის მოგებას აღნიშნავდა. ჰოკეისტის თქმით, მას არასოდეს მოუხმარია ნარკოტიკები.

კუზნეცოვის დისკვალიფიკაცია ვრცელდება ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ტურნირებზე. ჰოკეის ეროვნულ ლიგასა და „ვაშინგტონს“ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ ფედერაციის გადაწყვეტილებაზე.