ჰიზერ ნაუერტი აცხადებს, რომ უკრაინის კანონი ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციას ხელს შეუწყობს
ჰიზერ ნაუერტი აცხადებს, რომ უკრაინის კანონი ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციას ხელს შეუწყობს

უკრაინის კანონი ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციას ხელს შეუწყობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჰიზერ ნაუერტის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ უკრაინაში მიღებული ახალი კანონი დასავლურ პრინციპებს შეესაბამება და უკრაინის შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თანამშრომლობის გაფართოების საფუძველს იძლევა. ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ მზად არის, გააგრძელოს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში უკრაინის რეფორმების მხარდაჭერა, რაც მიმართულია უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ.

უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ კანონზე მუშაობა სამი წლის განმავლობაში ნატო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობდა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კანონს 5 ივლისს მოაწერა ხელი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯები არ უნდა შეადგენდეს მშპ-ს 5%-ზე ნაკლებს, აქედან 3% მხოლოდ თავდაცვაზე უნდა იხარჯებოდეს.