„ჰიუნდაი“ საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონია
„ჰიუნდაი“ საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონია

საქართველოს ჩემპიონი 14-წლამდელთა შორის საკალათბურთო კლუბი „ჰიუნდაი“ გახდა. ირაკლი ჩერქეზიშვილის, ლაშა ელბაქიძისა და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალური სერიის მეოთხე მატჩში, დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ქულის სხვაობით, ანგარიშით 78:77 დაამარცხა „ზაზას აკადემია“ და სერიის საერთო ანგარიშით – 3:1 მოგებით ჩემპიონი გახდა.

„ზაზას აკადემიელები“ ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, რის შემთხვევაშიც სერიაში ანგარიშს გაათანაბრებდნენ, თუმცა „ჰიუნდაელებმა“ შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს, რაშიც ლომის წილი საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების წევრს და თავის ასაკში საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ კალათბურთელს, ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილს მიუძღვის.

მატჩის ბოლო წამები ძალიან დრამატულად წარიმართა. ძირითადი დროის დასრულებამდე ათი წამით ადრე, „ზაზას აკადემიის“ კალათბურთელები ორი ქულით იგებდნენ და ბურთიც მათ შემოჰქონდათ, როდესაც „ჰიუნდაის“ მოთამაშემ ბურთის ჩაჭრა მოახერხა და დარჩენილ რამდენიმე წამში ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილმა ზუსტი სამქულიანი სროლით დააწინაურა საკუთარი გუნდი.

დარჩენილ ხუთ წამში „ზაზამ“ მოახერხა სროლის განხორციელება, მაგრამ არაზუსტად. შეხვედრა და მასთან ერთად ჩემპიონატი, „ჰიუნდაიმ“ მოიგო. გამარჯვებულთაგან 26-26 ქულით ბომბარდირობა გაიყვეს ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილმა და თენგო გოგიშვილმა. 16 ქულა დავით ბეგალაშვილმა დააგროვა. „ზაზას აკადემიაში“ 26 ქულით ბომბარდირი გახდა ლევან ძინძიბაძე, 24 ქულა კი ლუკა ალავიძემ მიითვალა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. პრიზიორი გუნდები შესაბამისი მედლებით ვეტერანმა კალათბურთელებმა – გივი ბიჭიაშვილმა და ანტონ კაზანჯიანმა დააჯილდოვეს. მათვე გადასცეს „ჰიუნდაელთა“ კაპიტან ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილს ცნობილი ქართველი კალათბურთელების – ლევან ინწკირველისა და გურამ მინაშვილის სახელობის თასი.

საჩემპიონო თასი „ჰიუნდაელებს“ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცა.