„ჰეზბოლას“ ლიდერი - აშშ ცდება, თუ ფიქრობს, რომ „ჰუსიტები“ შეწყვეტენ ისრაელთან დაპირისპირებას წითელ ზღვაში
„ჰეზბოლას“ ლიდერი - აშშ ცდება, თუ ფიქრობს, რომ „ჰუსიტები“ შეწყვეტენ ისრაელთან დაპირისპირებას წითელ ზღვაში

„ჰეზბოლას“ ლიდერი აცხადებს, რომ აშშ ცდება, თუ ფიქრობს, რომ „ჰუსიტები“ შეწყვეტენ ისრაელთან დაპირისპირებას წითელ ზღვაში. მისივე თქმით, აშშ-ის ქმედებები ზიანს აყენებს მთლიანად საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოებას.

„უფრო საშიში ისაა, რაც ამერიკელებმა გააკეთეს წითელ ზღვაში. ეს დააზარალებს მთლიანად საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოებას, მათ შორის იმ გემების, რომლებიც არ მიდიან პალესტინაში, მათ შორის იმ გემების, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ამ საქმესთან, რადგან ზღვა იქცა საბრძოლო თეატრად, რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებითა და საბრძოლო ხომალდებით“, – აღნიშნა „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელეს. როგორც ჯო ბაიდენმა განმარტა, ავიაიერიშები იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.