ჰეთ-თრიქი ავსტრალიაში - მიქელთაძემ საუკეთესო მატჩი ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიაში გადასვლის შემდეგ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და გუნდს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ა-ლიგის (ავსტრალიის ჩემპიონატი) 23-ე ტურში „ნიუკასლ ჯეთსმა“ საკუთარ მოედანზე „პერტი გლორი“ მიიღო და შანსი არ დაუტოვა – 6:1. „მაკდონალდ ჯონს სტადიონზე“ გამართულ შეხვედრაში მიქელთაძე „ნიუკასლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე კი 25 წლის ქართველი თავდამსხმელი მოედანზე მთავარი მოქმედი პირი იყო.

დანიელ პენიამ 21-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 31-ე და 37-ე წუთებზე მიქელთაძემ მეტოქის კარი ორჯერ აიღო. პირველად მცველებს გაცდა და ძლიერად დაარტყა, მეორედ კი ფლანგური გადაცემა ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა და ძალიან ეფექტური გოლის ავტორი გახდა. 50-ე წუთზე დუბლი პენიამაც შეასრულა. 69-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მიქელთაძემ 78-ე წუთზე პენალტით გუნდის სხვაობა ისევ გაზარდა, ხოლო ვალენტინო იუელიმ 81-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 6:1.

23 ტურის შემდეგ „ნიუკასლ ჯეთსმა“ 25 ქულა დააგროვა და ა-ლიგაში მე-9 ადგილზეა, მაგრამ სამი გადადებული მატჩი მარაგში აქვს. ბექა მიქელთაძემ კი 18 მატჩის შემდეგ 12 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ჯეიმი მაკლარენის (მელბურნ სიტი, 14 გოლი) შემდეგ მეორე ადგილზეა.