ჰერმან საბო - „ქართული ოცნების“ ძველი სახეების უცებ ადგომა და პარტიის წინააღმდეგ წასვლა ცოტა მეუცნაურება
ჰერმან საბო - „ქართული ოცნების“ ძველი სახეების უცებ ადგომა და პარტიის წინააღმდეგ წასვლა ცოტა მეუცნაურება

​„ქართული ოცნების“ ძველი სახეების უცებ ადგომა და პარტიის წინააღმდეგ წასვლა ცოტა მეუცნაურება, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჰერმან საბომ.

საბომ შეაფასა სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება.

„ვიდრე ეს სამი ბატონი არ გამოვა და საჯაროდ თვითონ არ იტყვის, თუ რატომ წავიდნენ და მართლა რა მიზეზი იყო, გარდა მდინარაძის განცხადებისა, იქამდე შეგვიძლია, მარტო რაღაცები ვივარაუდოთ. მე პირველი ვარაუდი რაც გამიჩნდა „ქართული ოცნების“ ლიდერის ამ განცხადების მოსმენისას, არის ის, რომ შეიძლება, ეს იყოს კიდევ ერთი ხრიკი და მიმართული იყოს, რომ ტექნიკურად დაშალონ უმრავლესობა. ეს გამოიწვევს მთავრობის გადადგომას, რახან უმრავლესობა არ ექნება და ასე ვთქვათ, ისე კი არ გამოვა, რომ ან ოპოზიციის ან ხალხის დაძახილზე გადავაყენეთ ღარიბაშვილი, არამედ ტექნიკურად აღარ არის უმრავლესობაო; ამისთვის კიდევ უნდა წავიდეს მეტი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ და გამოვა, რომ ტექნიკურად ღარიბაშვილი წავა და ახალ მთავრობას უნდა უყაროს კენჭი ახალმა კოალიციურმა ერთობამ. ეს არის პირველი ვარაუდი, თუმცა მთლიანად სპეკულაციაა თავიდან ბოლომდე. უბრალოდ, კიდევ თუ დავინახეთ მეტი წასვლა „ქართული ოცნებიდან“, მაშინ კიდევ უფრო გამიმყარდება ეჭვი, რომ ჩემი ვარაუდი რეალობასთან ახლოსაა; თუმცა ბატონი ხუნდაძეც, ბატონი ყაველაშვილიც და ბატონი სუბარიც „ქართული ოცნების“ ძირძველი, ასე ვთქვათ, საფუძველია. ისინი ის ძველი სახეები არიან, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ არ წასულან და მათ მიერ ასე უცებ ადგომა და პარტიის წინააღმდეგ წასვლა ცოტა მეუცნაურება“, – განაცხადა საბომ.

ამასთან, შეკითხვაზე, ელოდება თუ არა „ქართული ოცნებიდან“ სხვა წევრების წასვლასაც, დეპუტატმა განაცხადა, რომ ტექნიკურად მთავრობის დაშლა თუ არის დაგეგმილი, კიდევ ვიხილავთ პარტიიდან წასულებს.

„გეგმად თუ აქვთ, რომ ტექნიკურად დაშალონ მთავრობა და დაშალონ უმრავლესობა და ეს იყოს განმუხტვა კრიზისის, თან ისეთი, რომ მთავრობა გადადგება, მაგრამ თან ისე, რომ ოპოზიციის დაძახილზე კი არა, არამედ თვითონ ტექნიკურად – ეს გეგმა თუ აქვთ, მაშინ აუცილებლად ვნახავთ კიდევ წასვლას „ქართული ოცნებისგან“; ასე თუ არ მოხდა, მაშინ უკვე ამ სამეულზეა, რომ მარლა რეალური მიზეზები მოყვნენ; მაშინ გამოდის, რომ მართლა რეალური მიზეზი ჰქონდათ წასვლის, რაღაც ისეთი შეუთანხმებელობა, რაღაც ისეთი ართქმა საჯაროდ, რაც აუცილებლად უნდა თქმულიყო. ძალიან საინტერესო დღეები გველოდება წინ“, – განაცხადა ჰერმან საბომ.