ჰერმან საბო - არ მგონია, რომ დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიციას ხელს აძლევდეს ვადამდელი არჩევნები
ჰერმან საბო - არ მგონია, რომ დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიციას ხელს აძლევდეს ვადამდელი არჩევნები

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, გულწრფელი არ მგონია ამ მოთხოვნაში, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„2020-2021-ის, ახლანდელ არჩევნებს თუ ავიღებთ, როგორც ერთგვარ რეფერენდუმს და მოქალაქეთა პოლიტიკური გემოვნების გაზომვის კვლევას, ვნახავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ და გახარიას პარტიასაც, რომელიც პირადად ჩემთვის ჯერ მაინც „ოცნებასთან“ აფილირებული პარტიაა, ქვეყნის მასშტაბით ბევრად მაღალი პროცენტი აქვთ, ვიდრე თუნდაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო შეკრებილ პარტიებს. შესაბამისად, არ მგონია, რომ დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიციას ხელს აძლევდეს ვადამდელი არჩევნები. მათი ეს მოთხოვნა შეიძლება, უფრო იმის შედეგი იყოს, რომ რაღაცნაირად ცდილობენ, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ ჩამოვიდეს და აჩვენონ, როგორი პრინციპული არიან, თორემ თვითონაც კარგად იციან, რომ ვადამდელი არ ჩაინიშნება, თუ რამე უფრო მძიმე პოლიტიკური კრიზისი არ მოხდა. ვფიქრობ, ისინი უბრალოდ, ერთხელ ნათქვამ სიტყვას არ გადადიან“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ამ განცხადებით ჰერმან საბომ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად რეალისტურია ოპოზიციის გეგმა, ვადამდელი არჩევნების მიღწევასთან დაკავშირებით, რადგან მმართველი პარტია ამბობს, რომ არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება და რა ფაქტორებმა შეიძლება, შეცვალოს ეს მოცემულობა.

ჰერმან საბომ ასევე განაცხადა, რომ „გირჩს“ ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის პრობლემა არ აქვს და თუ ვადამდელი არჩევნები იქნება, პარტია გაარკვევს, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს „გირჩს“ დღესდღეობით.

„ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. სიამოვნებით შევიდოდით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში და გავარკვევდით, დღესდღეისობით მართლა რამდენი ადამიანი უჭერს მხარს „გირჩს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ ვერ გაარკვია „გირჩმა“ მხარდამჭერთა რაოდენობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ჰერმან საბომ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნები სპეციფიკური არჩევნები იყო, ცოტა სხვანაირად ტარდება და შეიძლება, მთლად ერთი-ერთში არ ემთხვეოდეს მოქალაქეთა პოლიტიკურ პრეფერენციებს.

„ასევე, ის ამბავი, რომ მესამე პრეზიდენტი თვითმმართველობის არჩევნების ზუსტად წინ ჩამოვიდა, ამან ძალიან მკვეთრად შეცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი და შუა გაკრიფა. ჩვენ გვგონია, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, თუ ვადამდელი ჩაინიშნა, ბევრად დამშვიდებული იქნება და უფრო ნათელ სურათს მოგვცემს, თუ ვის და როგორ უჭერს მხარს მოსახლეობა“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

საბოს თქმით, არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რომ არ ჩამოსულიყო, პატარა პარტიებისთვის რადიკალურად სხვა სურათი იქნებოდა.

„ხმების უმეტესობა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიმატა, წაიღო პატარა პარტიებისგან. ისევე, როგორც თავისი ხმების კონსოლიდაცია და შეკრება ძალიან ეფექტურად მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც გახარიას გამოყოფის შემდეგაც კი, თითქმის, გაიმეორა ის შედეგი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

შეკითხვაზე, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის გამო, შესაძლებელია თუ არა, საფრთხე შეექმნას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, მომდევნო არჩევნებში ბარიერის დაწევის საკითხი უნდა განსაზღვროს, ჰერმან საბომ განაცხადა, რომ შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობას“ გულზე დიდად არ ეხატებოდეს საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერა, რომელმაც მომავალ არჩევნებში ბარიერის დაწევის საკითხი უნდა განსაზღვროს, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრ დამოუკიდებელ მოთამაშეს მათგან ცალკე შეეძლება პოლიტიკური მოღვაწეობა, მაგრამ ის პარტიები, რომლებიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში არიან, საკმაოდ მკაცრად მოითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამ ბარიერის მხარდაჭერას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ ცვლილებებს მხარს თუ არ დაუჭერს, ის პატარა პარტიები ვერანაირად ვერ „გააპრავებენ“ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგომას. ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ შენი მთავარი პარტნიორი გექცევა ისე და ისეთ სიტუაციას აწყობს, რომ მის გარეშე შენთვის თამაში შეუძლებელი იყოს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად შემოვა და ბარიერის დაწევას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.