ჰენინგ ბერგი - „ტორპედო“ საუკეთესო ფორმაშია და იცის, მოედანზე რა უნდა გააკეთოს #1TVSPORT
„ომონიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰენინგ ბერგმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩამდე „რამაზ შენგელია არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა. კვიპროსულმა გუნდმა პირველი მატჩი 1:0 მოიგო და ნორვეგიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გასვლას მოახერხებს.
„ქუთაისის „ტორპედო“ კარგი გუნდია. რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს. ამ გუნდმა იცის, მოედანზე რა უნდა გააკეთოს და, რაც მთავარია, ჩვენგან განსხვავებით, კარგ ფორმაშია.
რა თქმა უნდა, „ტორპედოს“ გულშემატკივრები დაეხმარებიან. თუმცა სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში ყველა ფეხბურთელს უხარია. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი.
პირველ მატჩში კარგი მომენტები გვქონდა და მეტის გატანა შეგვეძლო. კონცენტრაცია გვჭირდება, ეს ეტაპი რომ დავძლიოთ და მესამე წრეში გავიდეთ. ჩვენ მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ პროგრესი აშკარაა და ამით კმაყოფილი ვარ“.