ჰენდერსონი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია
ჰენდერსონი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციამ (FWA) ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ „ლივერპულის” კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი აღიარა.

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხმა მომცა. უნდა გადავხედოთ წინა წლების გამარჯვებულებს – ზოგიერთთან ერთად „ლივერპულში” თამაშის ბედნიერება მხვდა წილად. ეს პრიზი მიუღიათ სტივ ჯერარდს, ლუის სუარესსა და მოჰამედ სალაჰს. ასე რომ, ეს ძალიან პრესტიჟულია.

მაგრამ, რაოდენ მადლიერიც არ უნდა ვიყო, არ ვგრძნობ, რომ ეს ერთპიროვნულად დავიმსახურე. თითოეული ჩემი პარტნიორი ბრწყინვალე იყო”, – განაცხადა 30 წლის ჰენდერსონმა.

პრიზისთვის ბრძოლაში ჰენდერსონმა მოუგო კევინ დე ბრუინს „მანჩესტერ სიტიდან“ და მარკუს რეშფორდს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“.

2019-20 წლების სეზონში ჰენდერსონმა ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.

„ლივერპული“ ბოლო 30 წელიწადში პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი.